Saturday, March 14, 2015

გალაკტიონ ტაბიძე 
                 1921 წელი 

გადია

(ფრაგმენტი)

გადია ჩემი სიზმრის სიალით
ასე არასდროს არ დაისრულა
ის ირონიამ ფრთით უშუალით
წარსულ დღეებში გადაისროლა.
ის დაყრდნობილი უღონო ხელებს
სიყმაწვილისას დაყურებს სურათს
და ჩარჩოებში ძვირფას სახელებს
ითვლის ბავშვივით და უსუსურათ.
ბზა, სახარება, სარკე, საათი...
სარკეში თეთრი თმები თოვდება
და საათიდან სამოცდაათი
წელი, გადია, გიახლოვდება.
ლბილ ბალიშებზე ისვენებს კატა,
ნებიერების ბნელი ასული,
ცეცხლმა კანკალით შემოახატა
კედელს მოხუცი წრიდან გასული.
მე კი მოღრუბლულ დღით მოწყენილი
ავიღებ მანონს, სადაც ზონარად
მჭკნარი ალოე არის შთენილი
უკეთეს დროთა მოსაგონარად.
აჰა, ბინდდება, კვლავ დამესია
მწყურვალებათა ფიქრი - ობობა,
ყოველგვარ შხამზე უშხამესია
შეღამებებით ავადმყოფობა.
თითები ელის საყვარელ თითებს
როს ფარდებიდან მოდის ზმანება
და ყოველ სახლში ღამეებს ითევს
პიანინოთა ახმოვანება.
რამდენი ქალი, მღერალი ქალი
შეიმოსება ბინდით, დათვალე!
აშრიალდება მრავალი ხალი
და გატაცებათ ცა მოშავთვალე.
რამდენს უეცარს ველოდი ამბორს
რამდენს ველოდი ფრთეებს აღსავალს
მხოლოდ ახალ წლის ბინდებში ამბობს
მუსიკა თავის თავგადასავალს.
წელს გადაიწვენს ხელი მინაში
თვალს მიულულავს კოცნის მკვეთრება
და როგორც ლანდი ლოენგრინეში
ლანდს სიჩუმეზე შეევედრება...
ამნაირ ამბებს ძალიან მწრალი
თვალებით უსმენს ჩემი გადია,
კეთილი ძველი ქართველი ქალი
ვისიც გზა სულის სიდიადეა,
არა აქ უნდა ნახოთ, არამედ
იქ სადაც ლოცვა და ზარებია
და შორეული ეპოქის ღამედ
კანკელი ფერებს შეჰფარებია.
სვეტიცხოველში ეშვება მაშინ
გაოცებული ლანდი-აგატი
და უუძველეს მინაში ნაშენ
სხივების ცვივა ბროლთა ნაკადი.
ფანტასტიური-ოცნებიან დღეს
ქერუბიმების მოესმის კვდომა
მას შეუყვარდა ყოველივე ეს
ახალი წელი, ბზობა, აღდგომა.
გადია, ლაჟვარდ სირმა რეული
გუმბათების ქვეშ ხატებს ევლები
შორეული და სიზმარეული
გეჩვენებიან სასუფევლები.
კვლავ გუმბათიდან უნაზეს ლილას
განგიალებენ სნეულ ფერებით -
შავ მარმარილოს, თეთრ მარმარილოს
და მარმარილოს ვარდის ჩქერებით.
გწყურია, ოდეს სანთლები ელავს
წაიღო სულის აურზაური -
ბაგით შეეხო მადონას ხელებს
და იგრძნო სუნთქვა არაქაური.
მაგრამ მე რა ვქნა, მე ვისაც სული
მაქვს დაწეწილი მწარე ქარებით
ვინც გატაცება არ ვიცი სრული
არც სიხარულით, არც მწუხარებით.
მე, ვისაც მტანჯველ აზრად გაუარს
დაკმაყოფილდეს ისევ ტფილისით.
ვინც ღამით დასწვავს შოპენგაუერს
რომ უფრო მძაფრად იგინოს დღისით.
გადია! მე ხომ ღამის ლანდები
მიგვიანებენ საყვარელ ნდომას,
მე ყველაფერში ვეჭვიანდები
და ტაძრებშიაც ვხედავ შეცდომას,
მე დემონები დაფარულ შხამით
მომაგონებენ ქროლვით, მარადით
რომ უიმედოთ მივქროდი ღამით
გატეხილ შუბით და მუზარადით.
აჩრდილმა მაღალ ლურსმებს აკიდა
ჩონჩხები, ძვლები მაღალ რიგებით
დაფარულია გრძელი მაგიდა,
შავი წიგნით და ალემბიკებით.
ობობებიან კუთხეში დივანს -
ვხედავ: ვით გიოტე ზის იქ სატანა
გადაეზმანა კედლებს, აივანს
და ღამემ სულში შემოატანა.
გაქრა, გადია, ვარდები რგული.
იმ ჩვენ ყვავილებს მოედო ცელი
გადია...ქარმა წაიღო გული
და ათასცხრაას მეოცე წელი.



ენ სექსტონი                                          



სიგიჟე
 

მე არ ვარ ზარმაცი.
მე ვარ სულის ამფეტამინზე.
მე, ყოველდღე,
ვბეჭდავ ღმერთს,
ჩემს საბეჭდ მანქანას სწამს მისი.
ვარ ძლიერ სწრაფი, ძალიან მძლავრი,
როგორც მგელი ცოცხალ გულში.
ზარმაცი – არა.
ამბობენ, როცა ზარმაცი ადამიანი
ცას შესცქერის,
ანგელოზები ფანჯრებს კეტავენ.

ო, ანგელოზებო,
დატოვეთ სარკმლები ღია,
ისე, რომ შევძლო, გადავწვდე ხელით
და მოვიპარო თითოეული საგანი,
საგნები, რომლებიც მეუბნებიან, რომ ზღვა არ კვდება,
საგნები, რომლებიც მეუბნებიან, რომ ჭუჭყს სწყურია სიცოცხლე,
რომ ქრისტე, რომელმაც იარა ჩემ გამო,
იარა ნამდვილ  მიწაზე
და რომ ეს სიგიჟე,
ფუტკრების მსგავსი, მთელი დილა რომ ნესტრავს გულს,
დატოვებს ანგელოზებს
ღია ფანჯრებთან,
ფართესთან, როგორც ინგლისური აბაზანაა.




სასოწარკვეთა

ვინ არის ის?
რკინიგზა, ჯოჯოხეთისკენ მიმავალი?
ტკაცუნი, როგორც ავეჯზე კიდის წამტვრევისას?
იმედი, რომელიც მოულოდნელად გადმოდინდა სალექარიდან?
სიყვარული, რომელიც იწრიტება პირსაბანში, როგორც ნახველი?
სიყვარული, რომელმაც თქვა – სამარადჟამოდ, სამარადჟამოდ
და შემდეგ გადაგიარა, როგორც სატვირთომ?
ხარ შენ მუდარა, რომელიც ლივლივებს რადიო-რეკლამაში?
სასოწარკვეთავ,
შენ მე გულზე არ მეხატები.
შენ არ უხდები ჩემს ტანსაცმელს ან სიგარეტებს.
რას დამდგარხარ აქ
დიდი ტანკივით,
რომელიც მიზანში იღებს ნახევარ სიცოცხლეს?
არ შეგიძლია, გაცურო ხის სიახლოვეს
იმის ნაცვლად, რომ დაფუძნდე ჩემს ფესვებთან,
მაძალებდე, ავცდე ცხოვრების იმ წესს,
რომელიც ასე დიდხანს იყო ჩემი საშვილო?

კარგი!
წაგიყვან სამოგზაუროდ იქ,
სადაც მრავალი წელი
უტყვად გალიეს ჩემმა ხელებმა.





სპექტაკლი

მე ვარ ერთადერთი მსახიობი.
რთულია ერთი ქალისთვის,
გაითამაშოს მთელი სცენა.
სპექტაკლი ჩემი ცხოვრებაა,
ჩემი სოლოაქტი.
ჩემი გადევნება ხელებისკენ
და ვერდაჭერა.
(ხელები მზერის მიღმა არიან –
ანუ, კულისებში).
ყველაფერი, რასაც სცენაზე ვაკეთებ, სირბილია,
რბენა, რომ დავრჩე უწინდელი,
თუმცა ვერასდროს ვაღწევ მიზანს.

უეცრად მე ვწყვეტ სირბილს.
(ეს სიუჟეტს ოდნავ ცვლის).
წარმოვთქვამ სიტყვას, ასეულობით,
ყველა ლოცვას, ყველა მონოლოგს.
მე ვამბობ აბსურდს, როგორიცაა:
კვერცხები არ უნდა ეკამათონ ქვებს,
ან, დამალეთ თქვენი მოტეხილი მკლავი სახელოში,
ან, მე ვდგავარ გამართულად,
მაგრამ ჩემი ჩრდილი მრუდეა.
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ბევრს მისტვენენ. ბევრს მისტვენენ.

მიუხედავად ყველაფრისა, გადავდივარ ბოლო სტრიქონებზე:
უღმერთოდ ყოფნა ნიშნავს იყო გველი,
რომელსაც სურს, გადაყლაპოს სპილო.
ფარდა ეშვება.
აუდიტორია გარბის.
ეს იყო ცუდი პერფორმანსი.
ასეა, რადგან მე ერთადერთი მსახიობი ვარ
და ირგვლივ ცოტა ადამიანია,
ვის ცხოვრებაზეც საინტერესო სპექტაკლი აიგება.
არ მეთანხმებით?




ღმერთები

მის სექსტონი წავიდა ღმერთების საძებნად.
მან დაიწყო ცაში ცქერა –
მოლოდინით, რომ დაინახავდა დიდრონ თეთრ ანგელოზს ცისფერი კავით.

არავინ.

მან კვლავ ჩაიხედა ყველა წაკითხულ წიგნში
და ფურცლებმა მიაფურთხეს პასუხად.

არავინ.

მან იმოგზაურა უდიდესი პოეტის თაყვანსაცემად
და პოეტმა მიარწყია სახეზე.

არავინ.

მან ილოცა მსოფლიოს ყველა ტაძარში
და ბევრი შეიტყო კულტურაზე.

არავინ.

ის გაემგზავრა ატლანტის ოკეანისკენ, წყნარისკენ, ცხადია, ღმერთისთვის...

არავინ.

ის მივიდა ბუდასთან, ბრაჰმასთან, პირამიდებთან
და იპოვა ვეებერთელა ღია ბარათები.

არავინ.

მაშინ ის დაბრუნდა საკუთარ სახლში
და სამყაროს ყველა ღმერთი საპირფარეშოში დამწყვდეული აღმოჩნდა.

„როგორც იქნა!“ –
წამოიძახა მან
და ჩარაზა კარი.




მახსოვს

პირველი აგვისტოდან
უხილავმა ხოჭოებმა ამოუშვეს
ხვრინვა და ბალახი იყო
ისეთივე მტკიცე როგორც კანაფი და
უფერო – მეტად არა ვიდრე
ქვიშა იყო ფერი და
ჩვენ გვქონდა შიშველი ფეხები
გაშიშვლებული ოცი
ივნისიდან და იყო დრო
ჩვენ გვავიწყდებოდა მოგვემართა შენი
მაღვიძარა და ზოგიერთ ღამით
ვსვამდით ჩვენს თბილ და გაუზავებელ ჯინს
ჟელეს ძველი ჭიქებიდან სანამ
მზე იფურჩქნებოდა ხედვის არის მიღმა
როგორც წითელი ნახატი ქუდი და
ერთ დღეს მე შევიკარი თმა უკან
ბაფთით და შენ თქვი
რომ ასე ვგავარ
პურიტან ლედის და რაც
მე შესანიშნავად მახსოვს არის ის რომ
კარი შენი ოთახისა იყო
კარი ჩემკენ.

დავით ანდრიაძე


SOS! სტალინი მახსოვს ბავშვი

(ციკლიდან: ლიტერატურული ოკუპაციის მუზეუმი)



შავი მერცხალი

სოციალისტური რეალიზმის ერთ-ერთი ჰიპოსტასი — ინფანტილიზმია.
ინფანტილიზმი, როგორც წარმოდგენა ბავშვებსა და ბავშვობის სამყაროზე...
ამგვარ სამყაროზე აპელაციაა სტალინური კულტურა.
ბავშვი და ბავშვობა — აი, იდეალი, რომელსაც ამკვიდრებს ხელისუფლება.
ბავშვი და ბავშვობა — აი, ძალაუფლების ტექნოლოგია, რომელიც მოწოდებულია ამ იდეალის განსახორციელებლად.
„სტალინი. ბავშვობა და ყრმობა” — შემთხვევითი არაა გიორგი ლეონიძის პოეტური ეპოპეის სათაური.
სტალინი-ბავშვი და სტალინის ბავშვობა უნდა დასახულიყო საბჭოთა ადამიანის, როგორც ინფანტილური (თუ ინფანტილიზებული) სუბიექტის არქეტიპად.
ნორჩი სოსო ჯუღაშვილის, ამ ახალი ემანუელის პედოისტორია უნდა ქცეულიყო კომუნიზმის მშენებელი ადამიანის იდეალურ ვერბალურ ხატად.
სოცრეალიზმმა უნიკალური პოლიტიკური მითოლოგია შვა — ერთობ ფუნქციონალური მითოდისკურსი, სამყაროს სურათის კორექციით, მასების ქმედებას სათანადო (სიც) მიმართულებით რომ წარმართავდა.
ასეთი ინტენციონალობიდან მომდინარეობს საბჭოური ტელეოლოგიზმი, სახელდობრ, ისტორიის მიზანმიმართული მოძრაობა — სვლა ნათელი მომავლისაკენ.
მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ამ ტელეოლოგიური დისკურსის პაროლი ყოფილა: “ადგილზე, ნაბიჯით იარ!”
ბავშვის თვითიდენტიფიკაცია მოზრდილობისადმი ლტოლვით, “დიდობაზე” ოცნებით ვერბალიზდება: “როცა გავიზრდები”, “როცა დიდი გავხდები” — აი, ამ ლტოლვის პაროლი!
ესაა ნახტომი “აუცილებლობის სამყაროდან — თავისუფლების სამყაროში”...
ყოველივე ეს 1930-იანი წლების დასაწყისში ლ. ვიგოდსკიმაც ცხადყო თავის პედოფსიქოლოგიურ შტუდიებში.
საბჭოური პოლიტიკური მითოლოგია იდეოლოგიური ფანტაზმაა. მისი ამაღლებული ობიექტი ხალხთა ქარიზმატული მამაა, ვისი ბავშვობის რეპრეზენტაციითაც, პოეტს მასობრივ ესთეზისში კათარზისულად უნდა გაეწმინდა “სხვისი” სურვილების ეკრანი: პოლიტიკური მითი არაცნობიერად უნდა მომწიფებულიყო სოციუმში და მასის კოლექტიური არაცნობიერის ყალიბში მიეღო სასურველი ფორმა.
პოლიტიკური მითოლოგია, თავისი საკრალურობის (თუ კვაზისაკრალურობის) მიუხედავად, პროფანული უნდა იყოს; მასებისათვის გასაგები... არადა, ბორის გროისს თუ დავუჯერებთ, სოცრეალიზმი “მასების ნამდვილი გემოვნებისათვის” უცხო იყო; სტალინის მიერ პროვოცირებული და თავსმოხვეული. მაგრამ ის კი ნამდვილად დაუჯერებელი იქნებოდა, იმავე მასას სოცრეალისტური მიმესისის ნაცვლად, ენთუზიაზმითვე მიეღო ხლებნიკოვის ანდა კრუჩიონიხის ტიპის ზაუმური პოეზია, ანდა მალევიჩის “შავი კვადრატის” ყაიდის “სუპრემატისტულ-იკონოლოგიური პროგრამა”, თუმცა, ამით სრულიადაც არ უქმდება თვით სოცრეალიზმის, როგორც ერთგვარი ავანგარდიზმის მეტაჰიპოთეზა.
ასეა თუ ისე, პოლიტიკური მითები მასების ნების გარეშე კონსტიტუირდებიან; ოღონდ, სიცოცხლით, სწორედაც, მასებში ცოცხლობენ, მასობრივ ცნობიერებაში პოულობენ ნიადაგს; აქვე ითესებიან, ღვივდებიან, ხარობენ...
სოციალური ვაკუუმი პოლიტიკური მითოსისათვის დამღუპველია; და ამიტომაცაა, რომ სოცრეალისტური “ნაწერი” მოწყობილია, როგორც “მასების სურვილთა ნაკადის კოდირების მანქანა” (ე. ნადტოჩი).
ამგვარი “მანქანის” (თუ Dეუს ეხ მაცჰინს-ს) რეჟიმში მუშაობს იმავე მასების სურვილი, საკუთარ სოციალურ ტანს ზესიმკვრივე შესძინოს, ინდივიდუალურ ტანთა კონფიგურაციები კი, ზეტანის სახსართა ტოტალურ იზოკეფალიას გაუთანაბროს.
ასე წარმოიშობა ტოტალური ტანი; “ტანი ორგანოთა გარეშე”.
მასას ბავშვივით სურს, გაიზარდოს; უფრო ზუსტად, იზრდებოდეს, თანაც, პერმანენტულად მეორდებოდეს, ახალ-ახალ გენერაციებსა და პოპულაციებში აისახებოდეს.
და ესეც მასის სურვილთა მაპროეცირებელი ეკრანია, რომელსაც კვლავაც, თავსმოხვეული იდეოლოგიის “ამაღლებული ობიექტი” (ს. ჟიჟეკი) წმენდს;
სისხლიანი ჩვრით, მაგრამ, მაინც “ასუფთავებს”...
ამასობაში, მასა ლამობს გააჩეროს დრო; აღბეჭდოს მისი მშვენიერება და განუმეორებლობა...
არადა, რა იყო სოციალისტური დოქტრინით — მშვენიერი?
რა და, თავად ცხოვრება; თანაც, სხვისი კი არა “ჩვენი ცხოვრება” — ეს პოსტუტოპიის ტრფობის საგანი ანუ დრო აღსრულებული უტოპიისა; თუნდაც პოეტური უტოპიისა, ცხოვრებად რომ იქცა.
1947 წელს, “Литературная газета”-ს “მოწინავეში” ამიტომაც დაფიქსირდა: “Поэзия переходит в жизнь, потому что, сама жизнь в нашей стране стала поэтической”.
ერთი წლის შემდეგ, 1948 წლის შემოდგომაზე, იმავე “ლიტგაზეტას” ფურცლებზე საბჭოურ-პოსტუტოპიური ცნობიერების ერთ-ერთმა, ყველაზე ხმალამოღებულმა იდეოლოგმა, გვარად ერმოლოვმა, დემაგოგიურობით მბრწყინავ ფორმულად ჩამოაყალიბა ახალი ესთეტიკური პროგრამა: “прекрасное — это наша жизнь”.
მე კი დავსვი წერტილი, მაგრამ, სიტყვას — “жизнь” — მძიმით (და მძიმედ!) მოჰყვებოდა — “наша борьба”.
პოსტუტოპიის თანამდევი განწყობა ტოპოლოგიური უსაზღვროების, ანდა, სულაც, ატოპიურობის აღნიშვნა იყო; ყოველ შემთხვევაში, ამ უსაზღვროების პოეტური მარკირება...
ახლაც თვალწინ მიდგას ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი (“Царству ему небесное!”), ყოველ ახალ გაკვეთილს ლექსით რომ იწყებდა: ტელევიზორის ანტენით მოხაზავდა საბჭოთა კავშირის რუკას და ასე გვმოძღვრავდა — “ბავშვებო, ვრცელია ჩვენი ქვეყანა”. გაგრძელებით კი, მე ვაგრძელებდი: “დიიდი საბჭოთა კავშირი”, ამას კი ანტიკური ქოროსავით უნდა მოჰყოლოდა: “შავი ზღვიდან — ყინულეთამდე გადაჭიმული, გაშლილი”...
ასე იწყებოდა გეოპოლიტიკური მითოლოგიის სუბიექტებად დაკაბალება.
ასეთი იყო მასობრივი ცნობიერების ფენომენოლოგია, პოლიტიკური მითოლოგიის შესატყვისი ტიპის პროდუცირებით რომ ცდილობდა ყველაფრის დაყვანას, რედუცირებას ბინარულ ოპოზიციებამდე: მტერი — მოყვარე, შინაური (ზოგჯერ — ინაური) — გარეული, ქაოსი — წესრიგი, ნგრევა — აღმშენებლობა...
თუმცა, წარსულ დროში რატომ ვლაპარაკობ?!
ხელისუფლების ხმას და ხალხის ხმას, ხელისუფლების ლოგოსს და მასის ლოგოსს შორის კავშირი საბავშვო სოციუმის ორგანიზაციაშიც მჟღავნდებოდა.
ეს იყო კოლექტივი — გუნდი, თავისი პედომილიტარისტული ველით, სადაც ვინმე აუცილებლად უნდა ყოფილიყო “თამაშის” ლიდერი, ხოლო ვინმე — “ამრევი” ანუ პოტენციური “ხალხის მტერი”.
ტოტალიტარული კულტურის ტიპიური პარადიგმაა!
ჰო, მართლა ტოტალიტარულ სოციუმში, კომუნალურ-სამეტყველო კიტჩის ხმაურში, დუმილი ღალატის ტოლფასი იყო.
დიახ, დუმილი რაღაც საეჭვოდ, მტრულად, ბოროტებად აღიქმებოდა;
აღიქმებოდა და კვალიფიცირდებოდა...
ესეც, სამეტყველო საბოტაჟი!
მდუმარე კაცს ენის პრივატიზაციაში ედება ბრალი; სიტყვისადმი კერძო-მესაკუთრულ ტენდენციაში...
დუმილი საბჭოეთში კომუნალური მსოფლწესრიგისადმი რწმენის სიმბოლოს დეზავუირებადაა მიჩნეული.
აი, რატომაა ყველა, დიდიან-პატარიანად ჩართული შეუსვენებელ “სერიულ” ლაპარაკში.
როგორც ფეხბურთშია — ყველანი ერთ ბურთს დასდევენ, მოთამაშეებიც და მაყურებლებიც...
ჟორჟ ბატაისა და პოლ ვირილიოს ტექსტებში. რიტუალური (მსხვერპლშეწირვითი) მეტყველებისა და ბრბოს ენის მაგალითზე, დამაჯერებლადაა აღწერილი კოლექტიურ სხეულებში მიმდინარე ინტერაქციათა მობილურობა, კერძოდ კომუნალურ-სამეტყველო სივრცეში მოქმედი კომუნიკაციის სიჩქარე.
ასეა, კომუნალურ მეტყველებას ისევე უნდა “შეახტე”, როგორც გაქანებულ ტრამვაის. ეს “შეხტომა” კი, მხოლოდ სირბილით შეიძლება.
გაჩერდები და, ბორბლებქვეშ აღმოჩნდები.
ამასთან, აუცილებელია, მეტყველების მომენტში, ზუსტად განეწყო კოლექტიური სიჩქარით; ზუსტად განსაზღვრო კოლექტიური ეროტიკის ამ სუბლიმირებული ჟანრის ტემპო-რიტმი.
რას იზამ, ასეთია კომუნალური “ფსკერის” მიზერაბლიზმი!
საბჭოური “კომუნალკის” დარაბებს მიღმა კი, გაზაფხული იდგა. ეს — სტალინური “პრიმავერა”, რასაც რადიოთი თუ შეიტყობდი.
ეს უკვე, სახელმწიფოებრივ-სამეტყველო აქტი იყო.
სახელმწიფოებრივ-საკრალური ლოგოსით, ანდა სულაც სტალინის უსაყვარლესი “შავი მერცხლით” მოტანილი ერთადერთი მარადიული გაზაფხული...
“გაფრინდი შავო მერცხალო” — ამ სიმღერის გაგონებაზე პირსისხლიან დიქტატორსაც კი ცრემლი ადგებოდა თურმე... ალბათ, ბავშვობას თუ ახსენებდა?!


მომავალი მებაღე

ტოტალიტარული კულტურა, როგორც წესი, ცნობიერების დეპერსონალიზებულ არქეტიპზე, მის პირველყოფილ-კომუნისტურ ფორმებზე რეაქციის სახით იბადება და ჰაერივით თხოულობს ყველაზე და ყველაფერზე პასუხისმგებელ ფიგურას; მონუმენტურ ფიგურას, რომლის ფილიაციების სახითაც იჩეკებიან წვრილ-წვრილი პასუხისმგებელი მუშაკები;
მათ შორის, კულტურის ინსტიტუციების “ხელმძღვანელი ამხანაგებიც”.
ამგვარი “კულტურის” ნებისმიერი ფორმა წარმოიშობა, როგორც კომუნალურ-კოლექტიური ფენომენი. კომუნალური დისკურსი კი, არა მხოლოდ მოზრდილთა, არამედ ბავშვთა სამყაროზეც ვრცელდება;
და ესაა რუდიმენტი, სოციალობამდელ მოზრდილებში რომ მჟღავნდება.
სოცრეალიზმიც, გარკვეული გაგებით, ბავშვთა სამყაროა, სოციალისტური კულტურა კი ადამიანური სისუსტეების, თუგინდ, ფიზიკური უძლურების კულტურა, ხშირად ხეიბარს რომ აფეტიშებს.
ტოტალიტარული კულტურა პიროვნების სოციალური უმწიფარობით მანიპულირებს; მოხერხებულად სარგებლობს ადამიანის “მოუმზადებლობით”, იყოს თავისუფალი, გონიერი...
ბავშვთა სამყაროში კი ეს თვისებები ელემენტარულად, ონტოლოგიურადაა მოცემული.
ტოტალიტარული სინდრომი ამ ბავშვური უმწეობის ჰიპერტროფირებული წარმოდგენაა.
წარმოდგენაც და ერთგვარ იდეალად დასახვაც...
სტალინური კულტურის სოციოცენტრიზმიც სხვა არაფერია, თუ არა დათრგუნული ბავშვური კომპლექსების გადატანა მოზრდილთა სამყაროზე.
ეს კულტურა მართლაც მშვენივრად იყენებს ბავშვური კოლექტივებისათვის დამახასიათებელ შურს, შურისძიებას, სიძულვილს... და ინფანტილურ, მოუმწიფებელ მასას ასე სწირავს “მარადიული ბავშვობისათვის” — ადამიანის ამ ერთადერთი ონტოლოგიური ასაკისათვის, უკეთეს შემთხვევაში “მარადიული სიჭაბუკისათვის”...
ეს “მარადიული სიჭაბუკეც” ამიტომ ხომ არ შემორჩა გიორგი ლეონიძესაც, როგორც განუყრელი პოეტური იმიჯი?!
ისე კი, “ყივჩაღის პაემანის” ავტორს, ეტყობა, სისხლში ჰქონდა ბარბაროსობისადმი — კაცობრიობის ამ პროტოსოციალური ბავშვობისადმი პოეტური პიეტეტი, რომელიც მისი წარმართული “რევოლუციური რომანტიზმის” თავისებურ პრელუდიადაც შეიძლება ვივარაუდოთ.
სხვათა შორის, თურმე, კითხვაზე, როგორ ბრძანდებითო, დიდი პოეტი პასუხობდა — “კაკ მარკ ავრელი სრედი ვარვაროვ”.
და მაინც, ტოტალიტარული კულტურა მხოლოდ ბავშვობაში მოწყვეტილ ყვავილს ახარებდა; გაზრდას ანუ სოციალიზაციას არ აცლიდა...
ასეთი “ბავშვთა სამყარო” კი, უბრალოდ, ლენინის მოედანზე მდგომი, ჩვენი კომუნისტური (თუ “მომწიფებულ-სოციალისტური”) ყრმობის საყვარელი უნივერმაღის სახელწოდება კი არა, თვით სოცრეალისტური კულტურის ერთ-ერთი პარადიგმაა.
ლეონიძისეული “სტალინის ბავშვობა” ამ პარადიგმის პოეტური რეპრეზენტაციაა.
თავდაპირველი შინაარსით, ეს ეპოპეა მოწოდებული იყო, წარმოედგინა, ანდა შედარებით უფრო პოეტურად — გადმოეშალა სოციალური ლანდშაფტი, რომელშიც დაიბადა და ვარდის კოკორივით გაიფურჩქნა სოსელო — მსოფლიოს ხალხთა მომავალი ბელადი.


ორი აკვანი

პოეტი თავისი წარმოსახვის ცალი თვალით “კრემლშია, სტალინთან არის”, მეორეთი კი “პატარა გორში”... როგორც სხვა “პანეგირკში” აქვს ნათქვამი, “აქ დაიბადა... აქ აღიზარდა... როგორც ამ ქვეყნის ნება და ღონე!”
“ბავშვობა და ყრმობაც” დაბადებით იწყება...
თუმცა, “დაბადებას” უვერტიურა უძღვის;
უვერტიურა, ქართლის ბაღის, ამ მიწიერი პარადიზისა და ვერხვის ფოთლებში გახვეული გორის, ამ ახალი ბეთლემის პოეტური აღწერით რომ იწყება და მთავრდება გაჭიანურებული რეპრიზით — “იბადებოდა”...
ჯერჯერობოთ კი, მთავარი, მაინც ბაღია; ვარდის ბაღი...
ამ “ბაღის” მომავალი ბატონ-პატრონი, მომავალი მებაღე — ნორჩი სოსო ჯუღაშვილია.
მებაღე-სტალინი კი სოცრეალიზმის ხელოვნებაში პარადიგმული ხატია.
საკმარისია გავიხსენოთ მიხეილ ჭიაურელის ფილმი “ბერლინის დაცემა”, ა. ისაკოვსკის ლექსი “სიმღერა სტალინზე” და მისთანანი.
ლეონიძისეული ქართლი — ვარდის ბაღი, შეფრქვეული მინანქარით, მართლაც რომ თვალისმომჭრელად ბრწყინავს, ციმციმებს, ელავს... სწორედაც, “იაგუნდის წვიმა დასწვიმს, სურნელების დაჰქრის ქარი”...
ესაა პოეტურ კადრებად წაფენილი “ბაღი — ხოხბის ყელი”, “რძე — კოკორში მოწოლილი”.
და უცებ: “თითქოს ქალი სარკმელიდან — იყურება ვაშლი ხიდან”...
შემდგომ პოეტურ კადრში შემოდის ალვის ხე — თეთრ ჩოხაში მორთული სიძე; და ატამი — ტურფა ყმაწვილი, აკვანში რომ გაიღვიძებს...
ეს — ნატურალური, გორული ატამი, და არა გალაკტიონისეული “ცისფერი ატამი”.
ყმაწვილს კი, არათუ არ გაუღვიძია, ჯერაც არ დაბადებულა...
ის იბადებოდა, იბადებოდა, იბადებოდა...
“იბადებოდა... ქვეყნის სიცოცხლე თითქოს ამ აკვანს ფესვით მიება”...
“იბადებოდა... ყრმა მშვენიერი, ვინც გულს ახალი მისცა ნათება”..
რაც მთავარია, “ეს ის დრო იყო... ლენინთან ერთად როცა სტალინი იბადებოდა... მათ ორ აკვანში როცა ხალხების თავისუფლება იბადებოდა”...
სხვათა შორის, ამ “ორ აკვანში” ქალ-ვაჟი იბადებოდა: სტალინი — ქალი, ლენინი — ვაჟი!
სტალინი — ქალი?
ნუ შეშფოთდებით, ეს სოც-არტის სიამის ტყუპების — კომარ-მელამიდის ვიდეო-პერფორმანსის ალუზიაა.
70-იან წლებში ამ ცინიკოსებმა გადაიღეს “ფილმი”, სადაც, სოკრატესა და აინშტაინის ნიღბებთან ერთად, სტალინის ნიღაბიც იყო გათამაშებული.
ფინალში, აღმოჩნდებოდა, რომ სტალინი — ქალია.
1953-ში მავზოლეუმში სტალინი ლენინს მოუწვინეს, არავის გასჩენია ეჭვი ჰომოსექსუალიზმის შესახებ — ისინი სხვადასხვა სქესისანი იყვნენ!
იმ “ორ აკვანში” ქალ-ვაჟი იწვა-მეთქი...
სტალინი — ქალი და ლენინი — ვაჟი.
თუმცა, სტალინი მაინც მეორე იყო; ანბანითაც კი — მეორე!
ლენინის სიკვდილის შემდეგ გახდა სტალინი პირველი.
ჯერ ტროცკიზე და მერმე კი, ჰიტლერზე გამარჯვების შემდეგ, მან ცენტრალური ადგილი დაიკავა მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის.
შჩუსევმა მავზოლეუმი იმიტომაც გადააკეთა, რომ ძველ შენობას ცენტრალური ტრიბუნა — ბელადის ადგილი არა ჰქონდა.
და, აი, 43-ში სტალინი საბოლოოდ “ამაღლდება” ლენინზე.
ასე გადაიარა მსოფლიო ღერძმა მავზოლეუმსა და ლენინის მუმიაზე.
თუმცა, სტალინი ამ “პოზიციაში” დიდხანს არ დარჩენილა.
მოკვდა თუ არა (ყველამ აცხონა?) სტალინი ისევ მეორე დაწვა.
როგორც გოტიკურ სამარხებში:
ლენინი — მარცხნივ, როგორც მეფე, სტალინი კი მარჯვნივ, როგორც დედოფალი.
ისევ მეორე!
და 56-შიც “მეორედ” მოკვდა!
მთავარი მაინც ისაა, რომ სტალინი სულ იბადებოდა...
მგონი, ახლაც იბადება!


კულტივირებული ობლობა

“კლასთა ბრძოლების დიდი სარდალი ქართლის მიწაზე იბადებოდა... არც ყმა, არც გმირი და არც მესია — ქვეყანა ახლად იბადებოდა!”
არადა, სწორედაც “მესია” იბადებოდა!
როცა ბუმბერაზი ადამიანი ევლინება ქვეყანას, სახლის ერდოზე ორბი ჯდება და ჰაერში არწივები მღერიანო — ასეთი ყოფილა ძველი აღმოსავლური გადმოცემა.
სოსელოს დაბადებისას კი, “არც ერდოზე ორბი იჯდა, არც მღეროდნენ არწივები, ქოხზე ჩიტი დაფრინავდა შეყინული ნამძივებით.”
ამას მოსდევს მთელი რიტუალი: “მამალი გადაახტუნეს, — ბავშვი ფხიზელი გამოვა! მერცხალი პირს გამოავლეს, — ენაჭიკჭიკა გამოვა! აკვნის თავს დადგეს მარილი — მარილიანი გამოვა! გულზე შაქარი დაადეს — მოსიყვარულე გამოვა! (სიც დ.ა.) სავსე მთვარეზე აწვენენ — ვაჟი ჯანმრთელი გამოვა! აკვანში რკინა ჩაუდეს — შეუდრეკელი გამოვა!”
ესაა მთელი, ასე ვთქვათ, აპოფატიკურ-კატაფატიკური მაზოხიზმი.
ოღონდ, ეს “მაზოხიზმი” ოდნავადაც არაა ავტორეფლექტირებული, ანდა, უბრალოდ — გათვითცნობიერბული.
ამგვარი მაზოხიზმის ნიშანია გაწელილი პოეტური რეცეფციები, გაჭიანურებული მოლოდინის ეფექტი; ჯერ აქტანტის გაჩენის, მერე კი, გამოჩენის მოლოდინის ეფექტი...
პოეტოლოგიურ მოდელში, ესოდენი რუდუნებით რომ აგებდა სოციალისტური რეალიზმი, მოლოდინის კატეგორია მართლაც საგანგებო ფუნქციას ასრულებს.
ხომ გახსოვთ, სტალინური ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლირიკული ტექსტი — კონსტანტინ სიმონოვის ლექსი “Жди меня”; განმეორებითი იმპერატივით “Жди”?!
ლეონიძისეულ ტექსტშიც ასევე ველოდებით მომავალი ბელადის ჯერ გაჩენას, მერმე — გამოჩენას.
ესაა სოცრეალისტური “სუსპენსე”, რომელსაც დიახაც, მაზოხისტური ელფერი დაჰკრავს.
ამ “გამოჩენას” აყოვნებს “ძეობის” რიტუალურად დახუნძული პოეტური პასაჟები; ესტაფეტა, რომლითაც “ჯამს გადულოცავს ხოდელი ციხითათრიშვილ მიხასა... მხარდამხარ კლდეკაცი უზის, — იაკობ ეგნატაშვილი” (იცანით, ხომ?!).
კანონიერ მამას რაც შეეხება, “გულქართლი კაცია, სძულს პურაძვირის ქაჯობა, იცის, პურადმა გულად კაცს სამი გაფრენით აჯობა”.
ახლა, სტალინის დედის... მამას აღარ იკითხავთ? “პაპა — გელაძე გიორგი, ცოცხლებში არღა რეულა, მოჰკლა ბატონის ელდამა, ციებამ, ღამბარეულმა.”
ისე კი, “მოდგმასთან დაკავშირებით — ლილოზე ადრე, გერიდან არიან ჯუღაშვილები”.
და მაინც, სოსელო “სულმთლად თვისი პაპა არი, ბობოქარი, გულაშლილი... ამბობს დედა და წინ უდგას პაპა — ზაზა ჯუღაშვილი”.
პატარა სოსოს ხომ ამდენი ხალხი დაჰკანკალებს; არადა, პარ ეხელლენცე მაინც ობოლია, რითაც წინასწარაა ნაგულისხმევი საბჭოთა ბავშვების ტოტალური ობლობა. ამგვარი “ობლობის” თავისებური ნიშან-სიმბოლოა მავზოლეუმის ტრიბუნაზე მდგომი სტალინის ცნობილი იმიჯი — ხელში გოგონა რომ აუტატებია, სახელად მამლაკატ!
1930-იანი წლების მეორე პროპაგანდისტულ-ინფანტილიზებული იკონოგრამაა ფოტოსურათი — “სტალინი და გელია მარკიზოვა”, სადაც სტალინი “დედისეული ტანის” როლშია რეპრეზენტირებული.
ვინ იყო გელია მარკიზოვა?
მისი სრული სახელი და გვარია ენგელსინა მარკიზოვა.
დაიბადა 1930 წელს. მამამისი — არდან მარკიზოვი ბურიატიის მიწათმოქმედების სახალხო კომისარი იყო. 1930 წლის ზამთარში, ნარკომმა თავისი გოგონა ჩართო დელეგაციაში, მოსკოვს რომ უნდა სწვეოდა და 27 იანვარს, კრემლში ჩატარებულ საზეიმო მიღებაში უნდა მიეღო მონაწილეობა. გელია, დაელოდა რა შესატყვის მომენტს, გზა გაიკვლია პრეზიდიუმისკენ და მოულოდნელად სტალინისკენ დაექანა. ბურიატიის ბავშვთა სახელით ადრესი გადასცა და კიდეც აკოცა თამბაქოთი აქოთებულ ბელადს. ამ უკანასკნელმა (სიც) ჩვეულებისამებრ, “ფართო ჟესტით” გაიღიმა და აიტაცა ხელში გელია, რომელიც დეპუტატების დარად, საათითა და პატეფონით დააჯილდოვეს; თან “პლასტინკებიც” დააყოლეს...
შეიძლება დავუშვათ, რომ სტალინისთვის მნიშვნელობა ჰქონდა ბავშვის სახელს — ენგელსინა, რომელიც მარქსთან და ენგელსთან ასოცირდებოდა და სიმბოლურად ინფანტილიზდებოდა.
აი, თავად სტალინი კი, ფსიქოანალიტიკური კონოტაციით, მარქს-ენგელსის “დედად” აღიქმებოდა.
ინვერსია გასაგებია — ენგელსი გვევლინება 6 წლის გოგონად, სტალინი კი მის დედად, რაც მეტაფორულად გამოხატავს სტალინის, როგორც მარქს-ენგელსის მოძღვრების დამცველის როლს.
1937 წელს ბურიატიის “ინფანტას” მშობელი მამა დააპატიმრეს და ცხადია, დახვრიტეს.
დარჩა პატარა ენგელსინა ობლად.
საზოგადოება, სადაც ობლობაა კულტივირებული, ობლად ითვლებიან “ბავშვებიც, რომლებსაც მშობლები კი ჰყავთ ცოცხალი, ოღონდ, რახან აღიარებენ ბელადის მამობას, იძულებულნი არიან, თავი შორს დაიჭირონ პრიმარული საოჯახო კავშირებისაგან.”
ისინი ხომ სახელმწიფოს მეთაურის შვილობილები არიან?!
იგ. სმირნოვის ინტერპრეტაციით, თავად სტალინიც, უბიწო ჩასახვის იდეის კვაზიჰომოსექსუალისტური პროტაგონისტია.
სტალინი, როგორც “მამა” — “დედის” გარეშეა გაჩენილი, მისი სახელი — “იოსები” კი პატრონომიულად ერითმება ღვთისმშობელი მარიამის მიწიერი პარტნიორის სახელს.
ამასობაში, ლეონიძისეული ლირიკული ნარაციის დრო ტაატით მიიწევს...
პატარას სძინავს; არა, კი არ სძინავს, თვლემს... და “სოსოც ხმალს მოსწევს ვადაში, ხედავს ქაჯთ სისხლი ინთხევა: — შვილო, რას შფოთავ ლოგინში? — დედა მას შეეკითხება”...
დედის გული ყველაფერს გრძნობს!
მახლას, ტოტალიტარული კულტურა — სოციალური ადაპტაციის კულტურაა; “შიშისა და ძრწოლის” რაციონალიზაციის კულტურა, რომლის ცენტრშიც ავტორიტარული პიროვნებაა აღმართული.
ასეთი პიროვნების ტიპი კი ბავშვური არასრულფასოვნების პროდუქტი და რეციდივია...
სტალინი ვინღაა — ამ ტიპის მონუმენტური რეციდივისტი?!
აი, ეგრე — ავტორიტარული პიროვნება მუდამ ინფანტილურია; ტიპიური “მეაბოხე” ბავშვივით რომ უპირისპირდება ნებისმიერ ძალას, ოღონდ ავტორიტარული პიროვნების ხელისუფლებასთან დაპირისპირება გაანჩხლებული “ბაღანას” წინააღმდეგობასავით, ელემენტარული ყოყლოჩინობაა, თვითდამკვიდრების უსუსური მცდელობა; საკუთარი უმწეობის ნიღაბი...
ამ მხრივ, სოცრეალისტური კულტურა ავტორიტარულად ინფანტილური ცნობიერების ვერბალიზაციად გვევლინება; და პიროვნების “სხვა” ტიპთა კონფორმიზაციის ინსტრუმენტადაც; “ახალი ცხოვრების” პროცესში ჩათრევისა და ახალ სოციალურ როლებთან ადაპტაციის ინსტრუმენტად...


“წარბთა ყრილობა”

1905 წლის ივნისით თარიღდება დიდი ლენინის დაუმთავრებელი ხელნაწერი: “О смешении политики с педагогикой”;
ამ მივიწყებულ ტექსტში პროლეტარიატის ბელადი იმოძღვრებოდა, რომ სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის პოლიტიკურ მოღვაწეობაში მუდამ იყო და იქნება პედაგოგიკის ცნობილი ელემენტი.
ლენინი РСДРП-ს შემთხვევით არ ადარებს “დიდ სკოლას”; უმდაბლესს, საშუალოსა და უმაღლესს — ერთდროულად.
პედაგოგიკისა და პოლიტიკის კომუნისტური ალიანსი ხომ იმთავითვე იყო დაგეგმილი?!
ამასთან, პედაგოგიკა კომუნისტებისათვის დაწყებითი სკოლა იყო, პოლიტიკა კი — უმაღლესი.
ასეთი პოლიტიზებული პედაგოგიკიდან ამოზრდილი კულტურა ქმნის ახალ ინსტიტუციონალურ სივრცეს — პედაგოგიზებულ — დემაგოგიზებულ პოლიტიკას.
პოლიტიკასაც და პედაგოგიურ ესთეტიკასაც... ე.წ. საბჭოური ესთეტიკური აღზრდაც ამგვარი პედაგოგიზებული ვირუსებით იყო მოწამლული.
როგორც ჩანს, სოციალისტურ კულტურაში ამიტომაც უცქერდნენ ალმაცერად ბავშვთა ფსიქოლოგიას.
არადა, ეს დალოცვილი, როგორი მასობრივი კულტურა იყო?!
აქედან კი ისევ ინფანტილიზმის კონტურები იკვეთება.
სოცრეალისტური კულტურის პროტაგონისტი დიდებისთვისაც და პატარებისთვისაც თანაბრად სანუკვარია და კიდევ ერთხელ ადასტურებს მოზრდილობას — ბავშვებში და ბავშვობას — მოზრდილებში.
როგორც წესი, შიშის განცდას ბავშვს საშინელებასთან ზიარება (მო)უხსნის; მაგალითად, ზღაპრის მეშვეობით...
მასკულტურაში აგრესიულობა “საშინელებათა ფილმებით” გადაილახება, სექსუალური აგრესიულობა — პორნოპროდუქციით...
აი, სოცრეალიზმში კი, საქმე პირუკუა — ადამიანის ნეგატიური პოტენციები კი არ გადაილახება, არამედ პირდაპირი გზით “მოიხსნება”, აკრძალვითა და ტაბუთი უქმდება.
ასე რაციონალიზდებიან აგრესიულობა და ფობიები და სოციალურად დესტრუქციულ ფორმებში განაგრძობენ პროდუცირებას.
ასე ხდება სპონტანურ ემოციათა ჩახშობა; მათი სენტიმენტალიზება, ბანალიზება...
და მაინც, ყოველივე ეს — არც მეტი, არც ნაკლები, ზედაპირული ჩანაცვლებაა.
სინამდვილეში რა ხდება?
ყველაზე არსებითის — ტრაგედიის განცდის ჩახშობა, უკეთეს შემთხვევაში, „ოპტიმისტური ტრაგედიის” პალიატივით ჩანაცვლება!
გამოხდა ხანი.
იწყება ბავშვობა. მომავალი ბელადის პორტრეტული ნაკვთებიც თანდათან ზუსტდება, კონკრეტდება:
“თავაწეულსა პატარას, უხდება წარბთა ყრილობა, სანდომიანი სიცილი და ბაგის განწყობილება. შავგრუზა თმები უბზინავს, თითქოს გიშერში გარია, შავი, მაგარი ქოჩორი ბუჩქივით წამომდგარი აქვს, მოგრძო სახე აქვს ქართული, გაცინებული თვალები; არწივულ მზერას ამჟღავნებს გამხდარი, ნაფერმკრთალევი”.
ეს უკვე მოზრდილი ბავშვია; “დიდი ბავშვი”...
სოცრეალიზმის იდეალიც, “აი ასეთი, სწორედ ასეთი, მხოლოდ ასეთი” მოზრდილი ბავშვია!
თუკი ავანგარდი აუთენტურ ბავშვზე სვამს აქცენტს, სოცრეალიზმი დიახაც, მოზრდილ ბავშვს აღმერთებს, რაც ბავშვის პრინციპულად განსხვავებული ტექნოლოგიებია.
სოცრეალიზმის სტრატეგია — ბავშვის კონსერვაციაა.
და ლეონიძისეული “პიიტური” სტრატეგიაც სტალინის ბავშვობა-ყრმობის კონსერვაციაა.
კონსერვაცია და რეგენერაცია...
მითოლოგიური კონოტაციებით დანაღმული ტექსტიც სოციალურ კონტექსტში იკითხება:
“ყრმა გამოჰყავთ აივანზე ქართული წესით ძველის-ძველით, დაანახონ ცაში მთვარე — უბაძველი ქვეყნის მცველი”.
ეს ამირანის მთვარეა!


უმწეობის ნიღაბი

ბავშვის ცნობიერება იოლად მო-სამართია; მანიპულირებადი — ადვილად ღებულობს მითებს; და მისი წარმოსახვაც ამდენადვე ემორჩილება ზებუნებრივ ძალებს; ძალებს, რომელსაც ვირტუალურად უნდა განასახიერებდეს სახელმწიფო — პარტია და ხელისუფლება.
აქედანვე მომდინარეობს “ხალხურობა”.
სოცრეალისტური ესთეტიკაც “ხალხურობაზეა” ორიენტირებული.
პოეტი პირველქმნილი, ფოლკლორული ენით უნდა ტიტინებდეს; ისეთი ენით, რომელიც ნორმალური ბავშვური მეტყველებისათვის გაუგებარიცაა და აუთვისებელიც.
ესაა სოცრეალიზმის სპეციალური, “მოჩლექილი ენა”...
ლეონიძისეული ეპოპეის ტექსტი არა მხოლოდ სტალინის ბავშვობის სამყაროს, არამედ მის საოჯახო პორტრეტსაც კაი მსუყე ფერებით გვხატავს.
სოცრეალისტური კულტურაც ხომ საოჯახო კულტურაა?! დესოციალიზაციის პროცესში აშკარაა სოციალური რელაციების ჩანაცვლება საოჯახო რელაციებით.
ორივე სამყარო პატრიარქალურ ცნობიერებაზე ცდილობს სწორებას; ცნობიერებაზე, რომელიც ეფუძნება ოჯახურობის ზეპიროვნულ კატეგორიებს: “დედა-სამშობლო, “ხალხთა მამა”, “მოძმე რესპუბლიკები”, “უფროსი ძმა” და ა.შ.
ხელისუფლების მიერ კულტივირებადი ეს “ოჯახურობა” მოწოდებულია, გადაფაროს არაცნობიერში მთვლემარე ინსტინქტები; მოახდინოს ადამიანისა და გარემომცველი სამყაროს ბუნებრივი ურთიერთობის კომპენსაცია, “დიდ ოჯახში” გაექცეს მარტოობას...
საბავშვო ნევროზების პრობლემატიკაც ხომ ანალოგიურია?!
სტალინის ბავშვობისა და ყრმობის ლეონიძისეული ვერსიაც, ამგვარი კომპენსაციებით, — საოჯახო კომპენსაციებითაა გამართლებული.
ჩვენი პაწაწუნა კი იზრდება...
“სოსო წერს პირველ ასოებს, ბრწყინავს ანბანის ფერხული. კოდალას ხარატულია, თუ უფრო ბატიფეხური?..”
რაც მთავარია, ანბანს მისივე კბილა ნორჩები ასწავლიან:
“მოდით, ბავშვებო მიშველეთ, სოსოს მისწავლეთ ანბანი!” — ემუდარება დედა.
“აცრემლდნენ ცელქი ბავშვები:
— ვასწავლით! — მისცეს პირობა — ვასწავლით! — გაიძახიან, — ჩვენ მოგირჩინოთ ჭრილობა!”
რა ბავშვობაა, არა, — რა ინფანტილიზმი?!
ასეა, კომუნიზმი — ბავშვობაა; და ბავშვობაც — მუდამ კომუნიზმია.
პარტიის პროგრამის მეორე რედაქციაში ტყუილად კი არ დაისახეს ამოცანად, სკოლა გადაექციათ საზოგადოების კომუნისტური მოქცევის იარაღად?!
ტოტალიტარულ კულტურაში ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს.
სიკვდილი ამ კულტურაში უბრალოდ არ არსებობს;
და არც უკვდავება არ არსებობს (უსიყვარულოდ?).
უკვდავი მხოლოდ საქმეა; “საერთო-სახალხო” საქმე... ანუ ის კოლექტიური მამითადი, რომელშიცაა გათქვეფილი ადამიანი.
უკვდავია ის უპიროვნო ღირებულება, მონასავით რომ ემსახურება ადამიანი; ის კატორღული, და მაინც თეატრალიზებული შრომა, რომელსაც “დამკვრელი” უნდა ჰყავდეს, განსხვავებით სოციალისტური შრომისა, რომელსაც “გმირები” წარმოადგენენ.
აი, შრომის ტოტალიტარული რეპრეზენტაციის იერარქია!
ამ გახურებულ შრომაში ვისღა სცხელა სიკვდილისათვის; ვისღა სცალია სიბერისათვის, მით უმეტეს — სიკვდილისათვის?!
მგონი, “მარადიული სიჭაბუკის” პოეტიზებული კულტიც სოცრეალისტური “დედის ძუძუთია” ნაწოვი...
სიცოცხლის თვითღირებულების გაუქმება სიკვდილის მნიშვნელობასაც წარხოცავს.
მთელი ამ “ოპტიმისტური ტრაგედიის” გმირი კი ბიოგრაფიაწართმეული ადამიანია; ისტორიის გარეშე შთენილი ადამიანი, ისტორიასთან სისხლისმიერი კავშირის უფლება რომ აქვს აღკვეთილი; მოზრდილი ინფანტილი, რომელიც ვერ გრძნობს საკუთარ თავს ისტორიის სუბიექტად...
და რაღა დარჩენია? ბავშვობაში დაბრუნება, ოჯახურ-გვაროვნული კულტურის რეჟიმში ჩაწერა...
ასეთი “დიდი ბავშვი” დიახაც, განწირულია, მარადმზრუნველი დედისა და მარადმსაჯული მამის აჩრდილისათვის.
სტალინსაც ასეთი დედ-მამა ჰყავდა...
ახლა კი, ძილისპირულის დროა: “მზე ჩადის... ხვალ მზე ამოვა — უფრო დიდი და ჩახჩახა!”


მამის დაფიცება

1934 წელს, მწერალთა პირველ ყრილობაზე, თავისი სიტყვა — “ За что я аплодировал Сталину”, — ალექსანდრ ავდეენკომ ასე დაასრულა: “ Когда у меня родится сын, когда он научится говорить, то первое слово, которое он произнесет, будет — Сталин”.
ამის თქმა იყო და, სვეტებიან დარბაზში იფეთქა თურმე მქუხარე აპლოდისმენტებმა.
ეს იყო დამწყები სოცრეალისტის თათარიახნად შეთხზული ფონეტიკური უტოპია;
და თავისებური რისკიც...
ავდეენკოს სიტყვას თავად ბელადი უსმენდა.
ვთქვათ, და სტალინს, სერიოზულად მიეღო ეს “დანაპირები”?!
მით უფრო, რომ ხალხთა მამა “მოყვარული” ენათმეცნიერიც გახლდათ და, ბუნებრივია, ისიც მოეხსენებოდა, რომ შეუძლებელი იყო, ბავშვს პირველად სიტყვა — “სტალინი” წარმოეთქვა.
ასეა, “პირველად იყო სიტყვა” - “Сталин!”
კიდევ ერთი დეტალი: მომავალმა მამამ მომავალი შვილის სქესი ა პრიორი განსაზღვრა.
იმ ხანობას ექოსკოპია არ იყო და საიდან უნდა ყოფილიყო დარწმუნებული, რომ აუცილებლად ბიჭი ეყოლებოდა — კაი და, გოგო გასჩენოდა, რა შვრებოდა?!
არა, მხოლოდ ბიჭი!
ახლა გავშიფროთ...
მომავალი სადისტური ობიექტი — მამისეული უტოპიის განსახორციელებელი ობიექტი, მამრობითი სქესის უნდა იყოს.
ბიჭი გაცილებით პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ვიდრე გოგონა.
სწორედ ვაჟმა უნდა აითვისოს და ლინგვისტურად ცხადყოს თავისი ტრანსცენდენტური მშობლის სახელი; და “გადათარგმნოს” კიდეც ეს სახელი ონტოლოგიური რეალობის იმ განზომილებაში, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს თვითცნობიერება; ენა კი, სუბიექტურობის მიღმა, ძალაუფლების სფეროში იმყოფება.
დიახ, საკუთრივ ბიჭს, — თუნდაც, წმინდა თეორიულად, — შეუძლია შეცვალოს სტალინი; მისი ადგილი დაიკავოს. (ტაში).
მხოლოდ ვაჟს შეუძლია, გახდეს სტალინის სიმბოლური მემკვიდრე და ისეთივე სიმბოლური წესით მიეშვილოს, როგორც სტალინი მიეშვილა ლენინს.
ასეა, ხელისუფლების მამრობითი ხაზი არ უნდა გაწყდეს.
ამიტომაცაა, რომ საკრალური სახელის წარმოთქმაც ვაჟიშვილის პრეროგატივაა; ბიჭის უპირატესი უფლებაა და არა გოგონასი...
ეს სახელი, საკუთრივ ვაჟის მეშვეობით, ემორჩილება მეორეულ იდენტიფიკაციას; დამატებით მასკულინიზაციას, რითაც ხელმეორედ ბადებს ამ საკრალურ სახელს და წინასწარ თრგუნავს მის შესაძლებელ სიკვდილს...
ამიტომაცაა, რომ სტალინი სულ იბადება, იბადება, იბადება...
ხელახლა იბადება ფონემატურ რეჟიმში; განუწყვეტლივ იშობა იმ ფონემებისაგან, რომელთაგანაც შედგება მისი სახელი (რომელიც “ლეგიონია”?!).
“Сталин” — ამ სახელმა პერმანენტული დაბადებით უნდა გაასწროს ცნობიერებას, რომელსაც არა-სუბიექტი ჯერ კიდევ ვერ ფლობს.
და სახელდობრ, მაშინ იქნება იგი უკვდავი! (მქუხარე ტაში).
მოკლედ, გაირკვა: სტალინის უკვდავება ბიჭების კუთვნილებაა — “ახალი ადამიანების” მიერ შობილ ვაჟებზეა იგი დამოკიდებული.
სხვათა შორის, ეს საკრალური სიტუაცია სულაც არაა სოციალიზმის ინვენცია.
მაგალითად, ჰილდა კუპერი აღწერს სვაზის (სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკა) ტომებში არსებულ ნათესაობის სისტემას, სადაც, — ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, — ბავშვები მამას იფიცებენ.
საბჭოთა ბავშვებიც მამას იფიცებდნენ, უფრო ზუსტად, მამის მზეს ფიცულობდნენ...
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო...
1991 წელს გამოცემულ მემუარებში — “Наказание без преступления” — ავდეენკო კრინტს არ ძრავს იმაზე, “ხალხთა მამას” შეუსრულა თუ არა დანაპირები, ექსტაზში მყოფმა რომ წამოროშა.
არადა, ენის ათვისების საწყის სტადიაში, ბავშვს ფიზიოლოგიურად არ გააჩნია კლასტერის წარმოთქმის უნარი. ეს უკანასკნელი ენაში ყველაზე არსებითიც რომ იყოს, ძუძუმწოვარა მაინც ვერ დაიწყებს ტიტინს “ст”-თი...
თუმცა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა სტალინის მზით დაბრმავებული კაცისთვის?!
ამ შემთხვევაში, ავდეენკოს წინდაუხედაობა კი არაა მთავარი, არამედ სადისტური ინტენცია — შეძლოს შეუძლებელი!
სადისტი ხომ არ ცნობს ოპოზიციას: შეუძლებელი/გარდაუვალი?!
შეუძლებელი და გარდაუვალი მისთვის ეკვივალენტური ცნებებია — იგი მუდამ გეგმავს პირველს, რათა დაამტკიცოს მეორის რეალობა.
სადისტურ სამყაროში “შეუძლებელი” — “გარდაუვალის” სახითაა მოცემული: ოპოზიციის მეორე წევრი პირველ წევრშია გამოსაცნობი.
ყოველივე ეს ქრისტიანული სამყაროს რეჟიმსაც ეხმიანება; ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ სადისტური დისკურსი მოკლებულია სუბიექტურ რეფლექსიას, სადაც იგი საკუთარ სურვილს თვითკმარი საკუთრიობითვე შეიმეცნებს...
ისე, რა უცნაურია: მომავალი მამა საქვეყნოდ აცხადებს მზადყოფნას, მომავალი ვაჟი მსხვერპლად გაიღოს, დააკარგვინოს არა მხოლოდ ხორციელი დედა, არამედ, მისი ენობრივი სიმულაკრიც — სიტყვა “Мама”.
ქართველი რომ ყოფილიყო ავდეენკო, მომავალ ბიჭს “დაავალებდა”, წარმოეთქვა — “მამა” და ამით გათავდებოდა საქმე!
თუმცა, ქართველი ბიჭუნა პირველად “მამას” კი არა, “დედას” წამოთქვამს.
მერე და მერე, რომ წამოიჩიტება, “ჩემი დედაო”...
ეს — ისე, სხვათა შორის..
მოკლედ, კაცმა გადაწყვიტა, მის მომავალ ბიჭს (?!) მსხვერპლად გაეღო “Мама”, როგორც დედის სხეულებრივი დასწრების ჩამნაცვლებელი სიტყვა; “დედის” ფონეტიკური რეალობის კვალობაზე შეეწირა დედისავე ტანისეული რეალობა, ვაჟკაცურად გადაწყვიტა, შვილისთვის წაერთმია “Мама” და ჩაენაცვლებინა სიტყვით — “Сталин”, ხოლო ამით დედის მუნყოფნაც გაეუფასურებინა და არა მხოლოდ ონტოლოგიური, არამედ ფონეტიკური დეზავუირებაც მოეხდინა.
“დღეო, გადიდდი, გადიდდი, შვილი ეყრება დედასა!” — ამიერიდან დედა აღარ ეკუთვნის შვილს.
მორჩა, გათავდა!
ეს უკანასკნელი განწირულია ლინგვისტური ტრავმისთვის, მეორეული ჩანაცვლებისა და დამატებითი აღმნიშვნელების შემოტანის გზით რომ იბადება; აღმნიშვნელებისა, რომლებიც სხეულებრივ რეალობას ენაში გარდასახავენ და ასე აუქმებენ სურვილის ობიექტის ღირებულებას.
წეღან ლინგვისტური ტრავმა ვახსენე;
რაც შეეხება პირველად ტრავმას, ჟ. ლაკანი (ფროიდისაგან განსხვავებით), სემიოტიკურ კატეგორიებში აღწერს და ბავშვის მიერ იმ მომენტში განიცდება, როცა ეს ეშმაკის ფეხი დედაში პენისის უქონლობას აღმოაჩენს.
ესაა “დაუსწრებლის დასწრებულობა”, ან/თუ “აღმნიშვნელის დაუსწრებლობა”.
აი, ამ დროს იწყებს ბავშვი დედის, როგორც “სხვის” გაცნობიერებას...
მაგრამ, რა ხდება მაშინ, როცა საქმე ეხება არა მარტო პენისის არქონას, ანუ არა მხოლოდ “დასწრებულობის დაუსწრებლობას”, არამედ დედის გაქრობას, უფრო ზუსტად, დედის ტრანსფორმაციას — წმინდა სადისტურ მოცემულობაში და შეჯახებას “დაუსწრებლის დასწრებულობასთან”?
ლაკანისეული ბავშვი, აღმოაჩენს რა დედის უპენისობას, იმასაც აცნობიერებას, რომ დედა — “ის” კი არაა, არამედ მისი საკუთრებაა.
თუ აქამდე დედა იყო მისი სურვილის ობიექტი და მისივე სადისტური ინსტინქტების დამაკმაყოფილებელი, ახლა უკვე, თავად გამოდის მისდამი, პირველადი სადისტის როლში. სადისტი — მამის შემთხვევაში კი ბავშვი სულაც არ ფლობს დედას, როგორც თავის საკუთრებას; როგორც გარე სამყაროს სხვა-გვარობას...
მოკლედ, სტალინი/“სტალინით” ჩანაცვლებული დედა/“დედა” შეუძლებელს იმგვარ გარდუვალობად აქცევს, ბავშვს რაღაც ობიექტის ხარჯზე, საკუთარი სურვილის რეალიზაციის იდეას რომ ართმევს.
ამიერიდან მისი სურვილია, კი არ ფლობდეს ანდა, პირიქით, ემორჩილებოდეს, არამედ მოიპოვოს ფლობის რეალობა, გააუქმოს მმართველი პარტიის... უკაცრავად, დისკურსის მიერ დაკისრებული აპრიორული შეუსაბამობები.
დიახ, არა ფლობის რეალობა, არამედ რეალობის ფლობა — აი, დევიზი, სულო ჩემო, აი, დევიზი!
ასე ხდება სტალინური სადისტი, თვით სადისტურ სტანდარტებთან მიმართებით, პერვერსიული.
სამაგიეროდ, მისი ცნობიერება აღარ იტანჯება ობიექტის დაუსწრებლობით და თავად ანაზღაურებს მას.
ასე იცვლება დედის ტანი სიტყვით “დედა (“Мама”).
ამასობაში, შვილი კარგავს ამ ტანთან იდენტიფიკაციის უნარს და ამ ტანის სურვილის ობიექტად ტრანსფორმაციის უნარიც, ამდენადვე აღეკვეთება.
უბრალოდ და გასაგებად: ბავშვი საკუთრების განცდას იძენს.
ეს — ერთი...
ახლა მეორე:
ჩვენი ყბადაღებული “მომავალი მამის” უპასუხისმგებლო ფიცი იმასაც გულისხმობს, რომ მის “კაი მთქმელს” არა-სუბიექტის ცნობიერება უშუალოდ, მისივე, სადისტური მოდალობიდან გამოჰყავს; იმ რეალობიდან, სადაც მომავალი სუბიექტი (ვაჟიშვილი) ენის სადიზმით კონსტრუირდება. ეს ენა კი, ამ მეორეული ჩანაცვლებით ხორციელდება.
ასე რომ, ფონეტიკური რიგი — “Мама”, მოგვიანებით კი — “Папа”, ნებისმიერი ბავშვისთვის ენასთან შეხვედრას მოასწავებს.
არც ისაა შემთხვევითი, რომ ჟ. პიაჟეს თანახმად, სიტყვის — “Мама” — წარმოთქმა, ძუძუს წოვის გაგრძელებაა:
“Мама” ხომ ლათინურად “ძუძუა” (თუმცა რას ვუშვრებით ქართველ “მამას”, რომელსაც “ძუძუსთან” არაფერი ესაქმება?!).


“სხვისი” ბავშვობა

ადამიანის ცნობიერებას უამრავი ამნეზია ახლავს.
და თქმულებებიც დავიწყების ფაქტებიდან იბადებიან...
შეუძლებელია გვახსოვდეს ის, რასაც ბავშვობაში ვგრძნობდით.
“სხვის” დაუხმარებლად იმასაც კი ვერ მიხვდები კაცი, რომ სიძველით გადაყვითლებულ ფოტოზე გამოსახული ბავშვი, ძველ ატელიეში გადაღებული, ნოხზე გადაშხლართული — შენ ხარ!
ამგვარი “გაუცხოებანი” ედებიან საფუძვლად მთელ რიგ კონცეპტებს, როგორიცაა პიროვნების დადგენა, იდენტიფიკაცია; რომ თუნდაც, “შენ” და “ის” დედიშობილა ბავშვი ერთი და იგივე ხართ.
და რამდენადაც გარკვეული ფაქტების “გახსენება” არ ხერხდება, საჭიროა მათი გა-მოგონება, ინვენცირება; მერე კი თხრობა; ახალი ნარატიული ქსოვილის შეთხზვა...
ლეონიძე სტალინის დაბადებას “(გამო)იგონებს”...
დაუსრულებელ, უწყვეტ, კონტინუალურ დაბადებას...
ბელადის, როგორც დიდი ბავშვისა და მარადიული ყრმის დაბადებას...
სტალინის ყველაზე დიად, გიგანტურ, მონუმენტურ ბავშვად დაბადებას...
დაბადებას და ჩამოყალიბებას...
და ესაა პროცესი — სერიულად გაჭიმული სეკულარულ დროში; შესაბამისი ცვლილებებითა და ამ ცვლილებათა დავიწყებით რომ ხასიათდება.
და მაინც, სხვაზე წერა შეუძლებელია; ყოველ შემთხვევაში, ძნელი დასაჯერებელია!
სხვის ტანზე რეფლექსიაც ძნელია; რომ იტყვიან, ყველამ თავის ბოსტანს უნდა მოუაროს...
სხვის ბავშვობაზე წერაც შეუძლებელია; ყოველ შემთხვევაში, ძნელი დასაჯერებელი...
სხვის დაბადებაზე წერაც გაუგებარია.
ყველამ საკუთარ დაბადებას, საკუთარ ბავშვობას, საკუთარ ყრმობას უნდა მიხედოს.
სხვის სიკვდილზე წერა ხომ შეუძლებელია და შეუძლებელი.
თუმცა, კაცმა რომ თქვას, ბავშვობასა და სიკვდილს შორის ერთი პრინციპული სხვაობაა:
საკუთარ ბავშვობაზე წერა, ასე თუ ისე, შესაძლებელია, მაგრამ, როგორ გინდა წერო საკუთარ სიკვდილზე?
“სტალინის ბავშვობა და ყრმობა” სულ სხვაა...
სტალინი ხომ, სულაც არ იყო სხვა, ყოველ შემთხვევაში, გიორგი ლეონიძისთვის ბელადი სულაც არ ყოფილა უცხო.
ცხადია, მსოფლიო ხალხთა მამასთან მიხეილ ჭიაურელივით არ ყოფილა ისე შეთამამებული, შეზარხოშებულს, კრემლის კაბინეტის მისაღებიდან გენერალისიმუსის ქუდი რეკვიზიტისთვის რომ მოეპარა, მაგრამ მაინც თავისად თვლიდა, თავისად ეგულებოდა, თავისად წარმოგვიდგენდა...
თუ მეხსიერება არ მღალატობს, ამ ამბავს ამხ. კანდიდ ჩარკვიანი იგონებს თავის წითელყდიან მემუარებში, ის კანდიდ ჩარკვიანი, ცეკას ბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე, ბელადის კარნახით, “პარტიული პირუთვნელობით” რომ დაიწუნა ვაჟა-ფშაველას “პოეტური ენა” და... მერე რაც მოხდა, მაგას ნუღარ მკითხავთ...
ამ ისტორიის გახსენება დაავიწყდა ამხანაგ კანდიდს.
სხვათა შორის, ეს ის ჩარკვიანიცაა, რომელსაც დიდმა ბელადმა პოლიტბიუროზე ასეთი განაჩენი გამოუტანა: “ეტოტ კოტიონოკ ნე კაკ ნე ხოჩეტ სტატ ნა სობსტვენნიე ნოგი”.
ამის შემდეგ ჩარკვიანი მგელაძემ შეცვალა; საწყალმა აკაკი მგელაძემ...
არც ამის შესახებ გვიყვება ამხ. კანდიდი...
ესეც ისე, — სხვათა შორის...
ბავშვობა, კერძოდ, სტალინის ბავშვობა, ლეონიძესთან ქართული კულტურის რეჟიმშია დანახული. უფრო ზუსტად, ქართულ კულტურაში პუერილიზმი შედარებით პირობითი, სიმბოლური ხასიათისაა, მის ემბლემად კი დღემდე ბაზალეთის ტბის ძირას, ოქროს აკვანში მწოლიარე მომავალი გმირის მემორიალური სახე გვეგულება. თუმცა, მის გვერდით უმალ ამოიწვერება მყინვარზე წამომდგარი “მოხუცი მამის” ხატი;
ოღონდ, ეს უკვე გერონტოკრატიაა, ოღონდ — უკუღმა!
რუსული კულტურა კი, ქართული გერონტოკრატიულობისაგან განსხვავებით, პედოკრატიული უფროა.
ყველაფერი დოსტოევსკისეული ბავშვის ცრემლიდან დაიწყო, სამყარო რომ არ ღირდა მის ფასად, იმ კურცხალიდან...
ამ კურცხალიდან მოედინება რუსული კულტურისათვის დამახასიათებელი უხამსობის წყარო, ბავშვობის ნებისმიერი ხატისადმი მიწერილი უხამსობის სათავე...
ამას რუსები თავადაც აღიარებენ!
არადა, იმავე დოსტოევსკიმ იგრძნო რუსულ საზოგადოებაში მომწიფებული განწყობილება, რომელიც მოგვიანებით, ცნობილ კრებულში — “Вехи” — იქნა წოდებული პედოკრატიად.
მართალია, აქ ბავშვებზე კი არა, ახალგაზრდებზე იყო ლაპარაკი, იმ ახალგაზრდებზე, რომელთა ბეცი სჯანი იყო დასახული ინტელიგენციის სოციალური ორიენტაციების კრიტერიუმად, მაგრამ, ყოველივე ეს მაინც, ტრადიციული საზოგადოების ერთ არსებით თვისებასაც აღნიშნავდა; თვისებას, რომლის თანახმადაც, ასაკობრივი ჯგუფები სტატუსური ჯგუფებია.
აი, რის გამო მიიჩნევა პედოკრატია — უკუგერონტოკრატიად!
რწმენა იმისა, რომ უახლოეს მომავალში, უსუარი რაღაც საგმირო საქმეს ჩაიდენს, ტრადიციული საზოგადოების მიერ აღვლენილი რელაციაა; წარსულისა და “სახელოვანი წინაპრებისადმი” მიმართული ფიცია. აწმყოში კი, უბადრუკ აწმყოში, მოზრდილ, ანუ უკვე, ასე ვთქვათ, მოსწრებულ ადამიანებში, საიმედო ანუ სამომავლო აღარაფერი ხდება და არც შეიძლება ხდებოდეს.
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო...
“ყველაფერი საუკეთესო — ბავშვებშია”, “ყველაფერი საუკეთესო — ბავშვებს” —
აი, ამგვარი იმპოტენციის დევიზი!
ესაა მაგიური დევიზი მაგიური ლოგიკით... ფიზიოლოგიური ნიშნებით დიფერენცირებული ასაკობრივი ჯგუფები, ამ შემთხვევაში, მართლაც, ქარიზმატულად განიხილებიან და სხვა რაღა დარჩენიათ, თუ არა ტრანსყოველდღიური თვისებებით მანიპულირება, გარდაცვლილი მამის ბავშვობისადმი ტრფობა?!
დღესაც იგივე ხდება:
პედოკრატიული დემაგოგიისათვის ერთი-ორი ბიბლიური ციტატით (მაგ. “თუ არ გახდებით ბავშვები...”) ოპერირებაც საკმარისია; თუმცა, ამგვარი ვირეშმაკობის მიუხედავად, ბავშვი-ალქაჯის, “ეშმაკი ბავშვის” ხატი იქმნება; ხატი, რომელსაც ქრისტიანობასთან, ცხადია არავითარი კავშირი აღარ აქვს...
სოსელოც “ეშმაკ ბავშვად” იზრდებოდა...
ასეა თუ ისე, ბავშვთან და ბავშვობასთან (შორსმჭვრეტელი ბელადისა იქნება ეს თუ ახლომხედველი ლიტერატორისა), დაკავშირებული სტერეოტიპები, საბოლოო ანგარიშით, მაინც უხამსი სტერეოტიპებია; უხამსი იმდენად, რამდენადაც ტყუილსა და სიცრუეზეა აგებული.
ბავშვი გულწრფელია, ოღონდ, ესაა “მატყუარა” გულწრფელობა და იმგვარ კონფაბულაციებში მჟავნდება, სიცრუეს რომ ვერ უწოდებ.
საქმე ეხება კრეაციული ფანტაზიის ნორმალურ განვითარებას; ოღონდ, არამც და არამც — გულწრფელობას...
ბავშვი კეთილია; ოღონდ ეს სიკეთეც არაა ზნეკეთილობა; რადგანაც ადამიანს მორალი დაბადებითვე კი არ დაემადლება, არამედ აღზრდის შედეგად მოეპოვება.
“უზრდელობაში” უზნეობა ამ გაგებითაც იგულისხმება.
მოკლედ, ის ესთეტიზირებული რიგი, ბავშვთან და ბავშვობასთან რომაა ასოცირებული და განსხვავებულ სუბკულტურაში ასიმილირებული, საკუთრივ ბავშვით კი არაა, ბავშვობის შესახებ იდეალური წარმოდგენებითაა კონსტიტუირებული.
ესაა ბავშვის, როგორც იდეალური მოზრდილის გაგება, თავის მხრივ, მოზრდილის, როგორც იდეალური ბავშვის გაგებასაც რომ გამოიხმობს.
აი, სად უნდა ვეძიოთ ბავშვობის მაგიური ჰერმენევტიკის არსი! (ტაში)
სტალინიც მაგიური ბავშვი ყოფილა!
ყოველ შემთხვევაში, ასეთად უნდა წარმომდგარიყო — მარადიულ ბავშვად უნდა რეპრეზენტირებულიყო; იმ დიად ბავშვად, ვინც კრეატიულად კი არ გადალახა ბავშვობა და კი არ გაიზარდა, არამედ სამუდამოდ დარჩა, როგორც გრძნეული, ჯადოქარი, კუდიანი...
ბავშვობამდე აქლემისა და ლომის ფაზების გავლით მიდის ნიცშეანური ზეკაცი.
სტალინიც ზეკაცი იყო; და ისიც ბავშვობიდან მიდიოდა — “ბავშვობაში”...
ყოველ შემთხვევაში, მხატვრის, შემოქმედის, ოსტატის, როგორც მარადიული ბავშვის გაგება — ბავშვის, როგორც გრძნეულის გაგებასთანაა წილნაყარი.
“ოსტატი” — ეს სიტყვა სტალინსაც უყვარდა თურმე.
შემთხვევითი არაა, გახმაურებულ სატელეფონო საუბარში “ოსტატ-ბელადს” პასტერნაკისათვის “მანდელშტამის საქმის” გამო სწორედ ასეთი რიტორიული კითხვით მიუგია: “Но ведь он же мастер, мастер?”
ეს “ტერმინი” ბულგაკოვმა თავისი რომანის ტექსტში 1934 წლის შემოდგომაზე შეიტანა.
ის, რომ დიდი მწერალი ამ ცნებაში — “Мастер” — ოდიოზურ შინაარსს გულისხმობდა, იქიდანაც ჩანს, რომ სტალინისადმი მიძღვნილ სახოტბო პიესას — “Батум” — როცა წერდა, სათაურის ერთ-ერთ ვარიანტად ასეც ვარაუდობდა — “Мастер”.
მე კი, — ადრეც ვწერდი, — თუ ღრმად ჩავეძიებით “ოსტატის” საბჭოური იდეოლოგემის კონოტაციას, ლუნაჩარსკიმდე მივალთ-მეთქი, განათლების ნარკომამდე, რომელიც “ოსტატს” — “ბელადთან” აიგივებდა.
ეს ანატოლი ვასილიჩი წერდა: “Маркс, Энгельс, Ленин прежде всего потому вожди, потому мастера” და ა.შ. და ა.შ.
ბავშვი ჩვენში დღესაც ისევე იდეალური მოზრდილია, როგორც “ჩამშვები”, მაბეზღარა პიონერი.
ამგვარი “მოზრდილი პიონერები” მეც გაუთავებლად მაბეზღებენ...
ჩემი თავი ჯანდაბას; მთავარი ისაა, რომ ჩვენს დღევანდელ სოციუმში სხვა იდეალებია; არა სუიციდალური, არამედ მომხმარებლური იდეალები...
პრინციპში, ეს იდეალები უწინაც მომხმარებლური იყო; უბრალოდ, ამჟამად მათი ლეგალიზება (თუ ლეგიტიმირება) მოხდა.
და ბავშვებიც, სულ უფრო და უფრო, ნაკლებად აღიქმებიან, როგორც იდეალური მოზრდილები.
მოკლედ, ბავშვებად ყალიბდებიან...
სხვაგვარად: ყველაფერი, რაც ბავშვებთანაა დაკავშირებული, მარგინალური ხდება.
მარგინალურობა, ბავშვებთან მიმართებით, ნორმალურობას ნიშნავს; ნორმალური ადგილის დაკავებას, საკუთრივ ბავშვობის მოპოვებას...
საზოგადოების ზრდის პროცესი სხვაგვარად შეუძლებელია...
ასე იწრთობა ფოლადი!
“Вот за что аплодирую Сталину” (მქუხარე, გაბმული ტაში).

კარლო კაჭარავა

მე-10 სართულის ისტორიიდან

შესაძლოა, ჩვენ უნებლიეთ ხელი შევუწყვეთ ავანგარდის შესახებ ყველაზე ზერელე წარმოდგენებით მანიპულირებების პროცესს, როცა არაპროფესიონალებმა სწორედ ამგვარი ზედაპირული წარმოდგენებით დაიწყეს ჩვენს გვერდზე თვითდამკვიდრება. ეს იმის გამოც მოხდა, რომ მთელი სიმძიმე თბილისური კონტრკულტურისა თუ სუბკულტურის შექმნის მცდელობისა ჩვენ დაგვაწვა _ საგამოფენო პოლიტიკის დემოკრატიზაციის გამო.
(1984 წელი. `არქივარიუსების~ გამოფენა გ. ლორიას სახლში. (მონაწილეობდნენ: მამუკა ცეცხლაძე, გია ლორია, გ. მაღლაკელიძე, კ.კაჭარავა, მ. ცეცხლაძე (?)).
1985 წელი. გამოფენა თელავის მუსიკალური ფესტივალის პროგრამით. თელავი. თეატრის ფოიე. [გამოფენას ხელმძღვანელობდა გ. ბუღაძე, ზემოთ დასახელებულთ მიემატა ოლეგ ტიმჩენკო].
1986 წელი. მარტი-აპრილი _ მეათე სართულის მუშაობა. 
1986 წელი. გამოფენა მამუკა ჯაფარიძის ატელიეში. მონაწილეობდნენ: მ. ჯაფარიძე, მამუკა ცეცხლაძე, კ. კაჭარავა, ო. ტიმჩენკო, მაია ცეცხლაძე, თ. იაკობაშვილი.
1986 წელი _ გამოფენა ორი ექსპოზიციით `ქარვასლაში~ - თბილისის ეთნოგრაფიის მუზეუმი. იგივე ჯგუფი იფინება გ. ბუღაძის მეთაურობით.
აი, ასეთი იყო დასაწყისი.
P.S. 1986 წლის იანვარი. მაღლაკელიძე, კ. რამიშვილი, მ. ჯაფარიძე _ ჭოღოშვილის სახელოსნოში).

ჩვენი სწავლის დროს სამხატვრო აკადემიაში კლასიკურ ხელოვნებასა და აკადემიზმზე სავსებით ორიგინალური, ოდნავ ანეგდოტური წარმოდგენა ჰქონდათ. აკადემიის ერთმა პროფესორმა, ლაპიაშვილმა კარავაჯოს და კარავაჯისტებს ერთY`ავტორიტეტულ~ ჟურნალში `ტალახისფერი ნიაღვარი~ უწოდა. `ფერმწერლებად~ არ მიაჩნდათ და სკეპტიკურად უყურებდნენ რაფაელს, რემბრანდტს. მთელი ფერწერა (ნიშანდობლივია, რომ ამ სიტყვამ მთლიანად შეცვალა მხატვრობა, ხელოვნება) თავისი ისტორიით აკადემიის პედაგოგთა უმეტესობისათვის იმპრესიონიზმიდან იწყებოდა და ჟორჟ რუოთი მთავრდებოდა. [მამუკა ცეცხლაძის შეკითხვაზე, სამიანს რატომ მიწერთო სადიპლომო ნამუშევარში, აკადემიის იმჟამინდელმა რექტორმა ზურაბ ნიჟარაძემ უპასუხა: `სულ რომ თბილებით გიმუშავია, ცივები? ცივები რა უყავიო?~]
ასეთ პირობებში ვთქვათ ნაზარეველების ან პრერაფაელიტების აღმოჩენა და ისევე დაცვა გვიხდებოდა, როგორც მოროს, მაგრიტს და როტკოს ვიცავდით.
პოსტიმპრესიონისტული ფერწერის, სპექტრალური ფერწერის სპეციფიკური, თან ტენდენციურად გაგებული პრობლემატიკა სახვითი ხელოვნების ერთადერთ ღირებულებად მთავარ კრიტერიუმად იყო აღიარებული. ამგვარი ცუდი ფორმალიზმის დაკანონება ყველანაირად ხელს აძლევდა იმდროინდელ (ახლაც ასეა!) ბიუროკრატიულ, მმართველ აპარატს. ხელოვნებას ეცლებოდა ყველანაირი სხვა მისია, ფუნქცია და დაყვანილი იყო დოგმატური, ტენდენციური ხელოსნობის დონემდე. მხატვრის განსაკუთრებულ გამბედაობად ითვლებოდა სოციალისტური  რეალიზმის თემატურ სურათში რომელიმე დეტალის პოსტიმპრესიონისტული, `კარგი~ ფერწერით `გამდიდრება~. ედმონდ კალანდაძის ერთი `ორთოდოქსალური~ მიმდევარი და მოწაფე ლ. დავითაშვილი ამტკიცებდა, რომ ერთი პატარა დეტალის, ვთქვათ კოვზის დახატვა გაცილებით ბევრს ნიშნავს, ვიდრე რაიმე თემა, სიუჟეტი ან წარმოდგენა რომელიმე სხვა ფუნქციაზეო. თავად ედმონდ კალანდაძეს მოწაფეებისათვის გაუნდვია სანუკვარი ოცნება _ დაეხატა საბჭოთა მილიციელი იმგვარად ოსტატური სპექტრალური ფერწერით, რომ მისი მუნდირის და ბუნებაში (გარემოში) დგომის სილამაზე გადმოეცა.
სურათის თანადროულობასთან კავშირი კარავაჯოს `მომსპობ~ პროფესორ ლაპიაშვილს ასე ესმოდა: დე ნატურმორტში სადმე რეფლექტორის ან რადიატორის ნაწილიც გამოჩნდეს, მაყურებელი რომ მიხვდეს XX ს-ის მხატვართან რომა აქვს საქმეო.
ალბათ აუცილებელია იმ ობიექტურ მიზეზთა ხსენებაც, პოსტიმპრესიონიზმის ამგვარი ტენდენციური კონსერვაცია რომ გამოიწვია;

60-იან წლებში ტოტალიტარიზმის შემსუბუქების პერიოდში ქართველი მხატვრები დაზგური ფერწერის თავისთავადობის, ფერწერულ ამოცანათა სპეციფიკური, განმსაზღვრელი ღირებულების დამკვიდრებით დაუპირისპირდნენ სოციალისტური რეალიზმის ცრუ იდეოლოგიურ პათოსს, სოციალისტურ-რეალისტურ თემატიკას.
თემატური ფერწერა ამ ათწლეულებში (60-70-იანი წლები) ძირითადად დეკორატიულ-ფოლკლორულ მოტივთა სტილიზაციით დამკვიდრდა გამოყენებით-უტილიტარული ხელოვნების დარგში _ სკულპტურული ან ჭედური რელიეფები, ინტერიერის სამკაულნი _ `ხალხური~ სცენებით. მალევე შექმნილი და ფორმირებული ეროვნული კიჩი თემატური სურათების მომავლის შესახებ ყველანაირ სკეპტიკურ უარყოფას უფრო უწყობდა ხელს.
მეორე ტენდენცია სახვით ხელოვნებაში, ფერწერაში ე. წ. პოეტური, სენტიმენტალური, ისევე არაპროფესიონალთა შემოქმედებაში დამკვიდრდა. ამ მოძრაობის ლიდერმა, მხატვარმა თემო ჯაფარიძემ შექმნა სევდიანი, სნეული პერსონაჟებით დასახლებული ქალაქის ძველი ევროპული რაიონების სტილიზებული სამყარო. დაღლილობა, ირონიული სკეპსისი, ნიჰილიზმის ქადაგება, სენტიმენტალიზმი და მეტად თავისებურად აღქმული რელიგიურობა _ ბანალურის მაღალფარდოვნად გამეორებების პათოსით _ აი, ამ მხატვრული სისტემის ნიშნები, დამახასიათებელი მუქი, აქრომატული კოლორიტით.
ამ მხატვრობამაც ხელი შეუწყო დაზგური ფერწერის კულტის განმტკიცებას _ წარმოიშვა აზრი, რომ თემატიკა, საზოგადოდ ყველანაირი ცხოვრების ბუკვალური ილუსტრაციაა, აქტუალური `დისიდენტური~ (მაშინ ამგვარი სენტიმენტალური სკეპსისი, უიმედობა და მისი გამჟღავნება დისიდენტობასთან იყო გაიგივებული) პრობლემატიკით საქმის გაიოლებაა _ `პუბლიკაზე~ მუშაობა. ამ ბოლო მოსაზრებაში ასევე საინტერესო ტენდენცია იკვეთება _ ქედმაღლური დამოკიდებულება ფერწერის რთულ პრობლემატიკასთან ვერმიახლოებული, გაუნათლებელი მასისადმი, ჩვენს ფერმწერლებს საკუთარ ძიებათა ელიტარულობის განცდას უმტკიცებდა. უკვე შემდგომ ავანგარდის ნიმუშთა ზერელე გაცნობისას ჩვენმა პერსონაჟებმა ყველაფერი (განსაკუთრებით სიურეალიზმიდან, რომელიც ჰოი საშინელებავ! ნატურალისტური ფორმებით მანიპულირებდა!) პუბლიკის ინტერესებზე, ქვენა მისწრაფებებზე კომპრომისულ რეაგირებად, სპეკულაციურ ეპატაჟად აღიქვეს. ასე იშვა მითი იმის შესახებ, რომ მხოლოდ ისინი, 60-იანი წლების ქართული ფერწერის კორიფენი არიან ნამდვილი ტრადიციის, ნამდვილი ფერწერის შემნახავნი და განმათავისუფლებელნი, რის შესახებაც, მოდილიანისადმი მიძღვნილ საღამოზე, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებმა რომ მოაწყვეს ნინო ზაალიშვილის ხელმძღვანელობით, ამაყად განუცხადა სტუდენტებს ზურაბ ნიჟარაძემ: მოდილიანი კლასიკური, პერიკლეს ხანის სილამაზის ნორმებს არღვევდა, ამახინჯებდა, მე კი მას აღვადგენო. მას ალბათ მხედველობაში ჰქონდა მისი აზრით `ბერძნულად~ სტილიზებული თავისი ფიგურები, რომლებსაც მერე სქელი, სპექტრალური ფერწერით `ამრგვალებდა~ ან ღებავდა _ ინტენსიური ფერადებით მეტ-ნაკლებად წარმატებული მოდელირებით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმავე ზ. ნიჟარაძეს უკვე 60-იანი წლების სურათებში ჰქონდა ჟანრული სცენები (`მოხუცი ქალი მამლით~, `რომის ქუჩებში~, `ბიჭუნა სახედარზე~ და ა. შ.) რომლებიც მის მხატვრობაში კინემატოგრაფიდან, იტალიური ნეორეალიზმის დოკუმენტალური ყოფითობის აღმოჩენის სიხარულიდან გაჩნდა და მალევე გარდაიქმნა მანერულ სტილიზაციად.
ფერწერულ ძიებათა ორთოდოქსალურ პროცესში, შემოქმედების ბოლო ეტაპზე თემატურ სურათს მიუახლოვდა ხიტა (გურამ) ქუთათელაძე. მის აურაცხელ პეიზაჟებს და ნატურმორტებს (ხშირ შემთხვევაში დაუმთავრებელს) მუდამ ახასიათებდა სურათოვნების განცდა _ მისი პეიზაჟები პეიზაჟური სურათებია. ასეა ნატურმორტებიც. ბოლო პერიოდში მის სურათებში დონ კიხოტის და ფიროსმანის სახეები ჩნდება, როგორც მორალურ-ეთიკური ღირებულებების განმაცხადებელი ძალზე მნიშვნელოვანი, პიროვნულად ტრანსფორმირებული ხატები.
80-იან წლებში ჩვენში მკვეთრად გაცხადდა ახალი თაობის მხატვართა მოთხოვნა-მონაპოვარი _ თემატური სურათის მნიშვნელობის აღდგენა. პირველად ამდენი ხნის განმავლობაში გაჩნდა დასაბუთებული აზრი, რომ მხატვრობა გაცილებით უფრო მეტია თავისი მისიით, ვიდრე სპეციფიკური მხატვრული საშუალებებით ოსტატური მანიპულირება. ამ მოძრაობის სისტემატიზაციას, მისი გამოცდილების გაცხადების პროცესს გია ბუღაძე ხელმძღვანელობდა თეორიული პუბლიკაციებით და ძალიან ინტენსიური, ფართო საგამოფენო პრაქტიკით.
ირაკლი ფარჯიანმა 80-იანი წლების დასაწყისიდან რელიგიურ თემებზე შექმნილი ფერწერის დემონსტრირება დაიწყო.
ლევან ჭოღოშვილი XIX-XX ს-თა მიჯნის ქართული ინტელიგენციის პორტრეტულ სურათებს ჰქმნიდა.
გია ბუღაძემ გერმანული რომანტიზმის ტრადიციას და ვაგნერის `ხელოვნებათა სინთეზის~ იდეებს მიმართა. ამ ძიებათა გზაზე შეიქმნა სურათები ჯერ რ. ვაგნერის, შემდეგ კი გ. მალერის მუსიკალური თემების მიხედვით, მრავალწლიანი სურათები  ჰაინრიხ ფონ ოფტერდინგენის (ნოვალისის) მიხედვით და სურათების სერია: `ევრიდიკე~ და `ახალი ევრიდიკე~,  მოგვიანებით გ. ბუღაძემ თავისი შემოქმედებისათვის განმსაზღვრელ ეროვნული ისტორიის თემას მიმართა და 1985 წელს ლ. ჭოღოშვილთან ერთად მოაწყო განსაკუთრებული მნიშვნელობის გამოფენა `ისტორიიდან~.
გია ბუღაძეა ავტორი განსხვავებული სტილისტური ძიებებისა, როცა გოეთეს ფერთა თეორიის პრაქტიკულ გამოცდილებად ქცევის სურვილით დაუპირისპირდა სპექტრული ფერწერის ორთოდოქსალ აპოლოგეტებს.
1986 წლის მარტში აკადემიის სტუდენტთა ერთი ჯგუფი მუშაობას იწყებს ერთ-ერთ პატარა სახელოსნოში, სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე, სადაც თავის სადიპლომო ნამუშევარს, `სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში~ აკეთებდა დიპლომანტი მამუკა ცეცხლაძე. მეათე სართულზე მასთან ერთად მუშაობდნენ: თ. იაკობაშვილი, ზ. სუმბაძე (რომელიც ამჟაად დასავლეთ ბერლინში ცხოვრობს). იმავე წელს, ზაფხულში მოეწყო ამ ჯგუფის პირველი გამოფენა თბილისის ეთნოგრაფიის მუზეუმში _ `ქარვასლაში~. მსურს საგანგებოდ აღვნიშნო რომ პირველი საგაზეთო პუბლიკაცია ამ ჯგუფის შესახებ სამსონ ლეჟავას ეკუთვნის, რომელმაც ახალგაზრდა მხატვრებს `86-იანელთა თაობა~ გვიწოდა.
ჩვენი მხატვრობა რომანტიზმის ტრადიციის თავისებური გაგრძელება იყო. უცნაური სიხარულით, აღმოჩენის სიამაყით ჩვენ ვხატავდით რომანტიკულ პერსონაჟებს: მეფეებს, მღვდლებს, რაინდებს, ეშმაკებს სხვადასხვა უცნაურ ფანტომებს. მუშაობისას აკადემიისა და გარშემომყოფთათვის უჩვეულო მასალებს (დისპერსია, სამეურნეო საღებავები) ვიყენებდით. თანდათან შეიქმნა ჩვენი სამყარო, სულ უფრო მეტი ექსპრესიულობით დახასიათებული პერსონაჟებისა, რომელთა შესახებ სხვადასხვა ლეგენდებს და ზღაპრებს ვიგონებდით. ამ დროს გაჩნდა ინფორმაცია `ახალი ველურებისა~ და ტრანსავანგარდის შესახებ, თავიდან აღმოვაჩინეთ ფიროსმანი და რუსული ლუბოკი.
მოგვიანებით, მეათე სართულის ჯგუფს, უკვე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სახელოსნოში ა. რამიშვილი შეუერთდა. მისთვის დამახასიათებელი დისციპლინირებული შრომისმოყვარეობა, რაციონალიზმი ძალიან თავისებური სტიმული იყო ჯგუფის შემოქმედებითი პრაქტიკისათვის. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის ბუტაფორიულ სახელოსნოში [სადაც მუშა-დეკორატორად მუშაობს მამუკა ცეცხლაძე] ჯგუფის მუშაობა განსაკუთრებით ინტენსიური გახდა. აქ ერთმანეთთან თანაარსებობდა სავსებით განსხვავებული ტენდენციები, კეთდებოდა უჩვეულოდ დიდი ზომის (3, 5 მეტრი) სურათები, რკინის და ხის ობიექტები, მოხატული კოსტუმები, სხვადასხვაგვარი კოლდთავები.  მეათე სართულის ჯგუფი პირველია და ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში, რომელმაც თავის გამოფენებზე აქციების დემონსტრირება დაიწყო. სამი წლის განმავლობაში ჯგუფმა მხოლოდ თბილისში თხუთმეტამდე გამოფენა მოაწყო. [ყველაზე მოულოდნელ ადგილებში _ მარჯანიშვილის თეატრში, რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა იარუსზე (სადაც ჯგუფმა მოხატა მიწისქვეშა გადასასვლელების კედლები)] იყო გამოფენა აღმოსავლეთ ბერლინშიც (მ. ცეცხლაძე, ნ. ცეცხლაძე, ო. ტიმჩენკო, ა. რამიშვილი, მ. ჯაფარიძე) სადაც ფერწერის გამოფენის გარდა მხატვრებმა კედლის მხატვრობის ნიმუშები და ბერლინში შეძენილი ჯართისგან გაკეთებული ანგელოსებიც დატოვეს.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო 1988 წელი. ნარვაში, ახალგაზრდა მხატვარ ავანგარდისტებთან შეხვედრა-სემინარზე გამგზავრების წინ თბილისში `ქარვასლაში~ მოეწყო ოცი ქართველი მხატვრის გამოფენა _ ერთგვარი `რეტროსპექტივა~ ქართული ავანგარდისა. ამ გამოფენის ინიციატორი მეათე სართულის ჯგუფი იყო. ნარვაში საკმაო წარმატებით დემონსტრირებული ფართო მხატვრული პროგრამის შემდეგ, ზაფხულში ჯგუფმა გამოფენებისა და აქციების ერთგვარი მარათონი მოაწყო _ მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში `ქარვასლის~ დარბაზში იცვლებოდა სხვადასხვაგვარი ექსპოზიციები, რომლებშიც ჩართული იყო მინსკელ, აღმოსავლეთ ბერლინელ, ლენინგრადელ მხატვართაგან ყველა მსურველის, დებიუტანტთა ნამუშევრები. შესაძლოა, ჩვენ საგამოფენო პოლიტიკის ამგვარი დემოკრატიზაციით, თბილისური კონტრკულტურის შექმნის გულწრფელი მცდელობით, ხელი შევუწყვეთ...

(ნაწერი წყდება)

Tuesday, March 10, 2015


ლადო კილასონია



ვარატა

ბებერო და მამა გიორგი რომ ლომისთავიან ეზოში ცხოვრობენ და ეგეთი ეზო ჩვენს ქუჩაზე მარტო ერთია, ეს სულ რაღაც ათი დღის წინ გავიგე და ეგეც ოქროსუბნული ამბავია, ყველა მორფინისტის, ყაჩაღის და ქურდის ბიოგრაფია და ისტორია ზეპირად რომ იცი, აი, ქუჩის შესახებ კი, რომელზედაც დაიბადე და გაიზარდე _ არაფერი.
თამარ მეფის გამზირს რომ ამოუყვები და პოლიციის ძველ, მაღალ, ქვის შენობასთან მარცხნივ შეუხვევ, აღმოჩნდები თევდორე მღვდლის ჭუჭყიან, ხმაურიან ქუჩაზე.
გაივლი ოც-ოცდაათ მეტრს და ხელმარცხნივ ძონძების მაღაზიასა და ოსების ციცქნა მინი-მარკეტს შორის, რუხ კედელში შავად მოაღებს პირს მრგვალთაღიანი სადარბაზო, რომლის ცენტრში, თეთრრაფიანი ფანჯრების დაბლა, თაღის შუაგულში ლომის თავია გამოყვანილი. Hჰოდა, ზუსტად მაგ ეზოში ცხოვრობენ ბებერო და მამა გიორგი.
ლომი ნაცრისფერი ქვისაა, ფაფარი კედელზე გაშლია, ცარიელი, უგუგო თვალებით იყურება, დრუნჩი წვიმისგან და დროისგან გათეთრებია და ალაგ-ალაგ ჩამომტვრევია.
თაღის ქვეშ, იტალიური ეზოსკენ იჭრება სადარბაზო, ბათქაშჩამოცვენილი, დაბზარული, მოთეთრო-მომწვანო კედლებით, რომლებზეც, მართალია მქრქალად, მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენილა ჩვენი ბავშვობისდროინდელი წარწერები. სადარბაზოს ცენტრში, იქ სადაც კედლები გადატყავებულია, მოჩანს ძველებური, ქართული წითელი აგურები, მერე კი მოდის ეზო _ ჟანგიანი ონკანით, მორყეული ხის კიბეებით, თოკებზე დაკიდებული სარეცხით და თუნუქის სახურავით.
მამა გიორგის სახლი ქუჩიდანვე ჩანს, პირდაპირ მიადგები, პირველ სართულზეა მუქი ყავისფერი კიბის გვერდით. აი, ბებეროსთან მისასვლელად კი ეზოში შესვლა არ გჭირდება, გარეთ, ქუჩიდანვე აქვს ლომისთავიანი სადარბაზოს გვერდითკედელში გაჭრილი მეორე, უფრო პატარა სადარბაზო, თავისი ქვის კიბით. 
არ ვიცი რატომ, მაგრამ არ მიყვარს მაგ პატარა სადარბაზოთი სიარული, მირჩევნია ეზოში შევიდე, ქვემოდან მივადგე ბებეროს ფანჯრებს და იქიდან ყველას გასაგონად ვიყვირო დებილური სახელები:
_ ანზორ! ჯიმი! სულხან! კობა!
და ვიცი, რომ ისიც მალევე გამომხედავს, ოუ, ხმას ამოიდგამენ ჭუჭყიანი მინები, მერე ფარდა გადაიწევა, ფანჯარაში ძმაკაცის გამხდარი ტანი და გამელოტებული თავი ჩადგება და პასუხიც არ დააყოვნებს:
 _ გისმენ ომარ! _ და ვიცინით დებილებივით.
იმ დილასაც ეგრე მივაბიჯებდი ლომისთავიან სადარბაზოში, დასაძახებელი სახელი წინასწარ მქონდა მოფიქრებული _ კაცის, მაგარი სასაცილო და მაგარი დებილური: ლერი!
მაგრამ ეზოში შესული, ორ მუშას შევეფეთე, ბებეროს ფანჯრების ქვეშ (ბებერო მეორეზე ცხოვრობს) საქმიანი სახით რომ ჩიჩქნიდნენ ჩაშავებულ კედელს. 
ეგრევე რაღაცამ გამკრა, რაღაცა ძველმა, ბავშვობისდროინდელმა და კარგად ნაცნობმა, აი, ისეთმა, ენის წვერზე რომ გადგას, მაგრამ სახელს ვერ იხსენებ. ეს ჩაშავებული კედელი, უკვე წლობით დაკეტილი, უფერული კარი, ახლა რომ გაუღიათ. ფანჯრები, რომელთა მიღმაც მახსოვს _ რაღაც მაინტერესებდა და ის ძველი ხის მაგიდა კარიდან ხელმარცხნივ რომ მიუდგამთ კედელზე, ჩემთვის უხსოვარ დროში და იმის მერე ხელი აღარ უხლიათ.
 _ რავა ხარ ვოვა? _ მომესმა ზემოდან.
ბებერო გამხდარი, ბანჯგვლიანი იდაყვებით დაყრდნობოდა ხის რაფას.
 _ რა ხდება გოჩა? _ ვკითხე ქვემოდან.
 _ მუნჯის სახლს არემონტებენ, _ მიპასუხა ბებერომ და სახლიდან გამოსულ ჭაღარა, ჩია კაცზე მანიშნა, _ აგე ეგ, შვილია!
შევხედე: ცისფერი თვალები, დიდი ცხვირი, მორღვეული პირი და უცებ გამახსენდა ყველაფერი, სახლი, მაგიდა, კარი, კედლები, ის, რაც მაინტერესებდა იმ ფანჯრებში.
Gგამახსენდა, რომ ადრე, ჩვენს ბავშობაში, ბებეროს ეზოში, აი, ზუსტად ამ სახლში ცხოვრობდა მუნჯი.
უბანში ამბობდნენ ადრე ლაპარაკობდაო, მაგრამ მერე, ბავშვობაში უცნაური სახადი შეხვედრია, ექიმებს ვერაფერი გაურკვევიათ და დამუნჯებულა.
Mმუნჯი დიდების მულტფილმის გმირს გავდა, დაუნდობელი ხელით დახატულ გმირს: იყო მელოტი, ნაყვავილარი, დანაოჭებული, უწვერო სახით, კარტოფილივით დიდი ცხვირით, ცისფერი თვალებით და პირში ჩამოკიდებული ერთადერთი წინა კბილიც დახატულს მიუგავდა _ დიდი, ყვითელი, საოცრად ფართე ბოლოში და წვრილი ფესვში, წამდაუწუმ ენით რომ ილოკავდა და ამიტომ კბილი ყოველთვის ელვარებდა ზედ გადაკრული ლორწოს თხელი ფენისგან.
 მიუხედავად იმისა რომ მუნჯი კაცი იყო, ყოველთვის მეჩვენებოდა რომ ჰქონდა რაღაც ქალური, როგორ ხასიათში, ასევე აღნაგობაში: პატარა ულამაზო და ცისფრად დავენილ წვრილ კისერზე ოდნავ გვერდულად შემოდგმული თავი, გალეული მხრები, ფართე თეძოები, ჩამოკიდებული, დიდი ტრაკი და ავადმყოფურად სქელი ფეხები, რომლებიდანაც მარჯვენას მაგრად მიათრევდა და ისეთი რწევით დადიოდა, როგორც ის ხის სათამაშო მატრიოშკები, “ვანკა-სტანკები”, ხელს რომ კრავდი და აქეთ-იქით იწყებდნენ ქანაობას.
ეცვა ყოველთვის ძალიან ღარიბულად და სასაცილოდ. ზამთარში _ ნაცრისფერი კოსტუმი, უზარმაზარი თბილი ბოტები, გახუნებული, გრძელი, მწვანე კაპიუშონიანი საწვიმარი, ჭრელი ნაქსოვი კაშნე კისერზე და ასევე ნაქსოვი ქუდი, რომელიც ყურებამდე ჩამოეფხატა თავზე. ზაფხულში: გაოფლილი მაისური, კრემისფერი ბრიჯები, რომელთა ქვეშაც მოუჩანდა საზიზღრად დავენილი, დონდლო ფეხები, გრძელი, წვივამდე აწეული ნასკები და უხეში, მაღალძირიანი ქოშები.
მარჯვენა ხელში თითქმის სულ ერთი და იგივე საგანი ეჭირა _ პატარა ცოცხი, რომლითაც ყოველდღე გვიდა საკუთარი სახლის წინ.
დადიოდა ნელა, რწევა-რწევით, შესვენებებით, გეგონება სადაცაა წაიქცევაო, მაგრამ მხოლოდ იქამდე, სანამ გაბრაზდებოდა.
ქალივით ანჩხლი და უაზრობამდე უშიშარი იყო მუნჯი და საერთოდ არ იცოდა დანდობა. ეგეთი რამე მეტი არსად მინახავს, გააღებდა პირს, ამოუშვებდა ნაწყვეტ-ნაწყვეტ წამოსულ უცნაურ მკივანა ბგერებს და ამ მუხლუხოსავით მგორავ, მოუხეშავ სხეულში საოცარი ძალა და მოქნილობა იღვიძებდა და ასეთ დროს უნდა მორიდებოდი. დაგარტყამდა ყველაფერს, რაც კი ხელში მოხვდებოდა, ჯოხს, აგურს, დანას, ქვას, არ გაარჩევდა, კაცი იყავი, ქალი თუ ბავშვი. ჩვენი მეზობლის დედა ცემა ერთხელ ეგრე ქუჩაში, მე თვითონ შევესწარი, ორჯერ ჩაარტყა სახეში “კოკა-კოლის” პლასტმასის წითელი ყუთი, წარბი გადაუხსნა და რომ არ დაეჭირათ, არ მოეეშვებოდა. სამმა კაცმა ძლივს გააკავა მაშინ, გადორბლილი პირით და გადიდებული თვალებით, კივილით რომ იწევდა ისევ. 
ერთხელ კიდევ ისეთი რამე გააკეთა რითაც ვერავინ დაიკვეხნიდა მაშინ ჩვენს უბანში და არა მარტო ჩვენს უბანში. 
სადარბაზო დაუგვია მუნჯს, წამოსულა და ამ თავის მოკლე ცოცხს რეცხავს ონკანზე, რომ მოსულან კელატაძე, ჩაჩხიანი და ხაბულიანი. ცხელა, ზაფხულია, სადარბაზოში კიდე ჩრდილია, ორპირია და გრილა. დგანან, სამივე ლაპარაკობენ და მზესუმზირას ჭამენ, ჩენჩოებს რა თქმა უნდა, ძირს ყრიან.
 _ რა არი, ინდაური ყავს აქ ვინმეს? _ უკითხავს კელატაძეს თავისი მწივანა ხმით, როდესაც უცნაური ხმა გაუგია და ამ დროს დასხმიათ თავს მუნჯი.
_ სამურაივით იქნევდა იმ ცოცხს, ძლივს გამოვასწარით, _ იცინოდა მერე ხაბულიანი. 
ერთი კია, გაუმართლა მუნჯს, მთვრალები არ იყვნენ, მაინც წაუღია კელატაძეს დანისკენ ხელი, ვიღაც უბორშიკი როგორ მირტყამს ცოცხსო, მაგრამ ხაბულიანს გაუჩერებია, ავადმყოფიაო.
ხო ეგეთი დაუნდობელი და ანჩხლი იყო, თან კიდევ სენტიმენტალური. მახსოვს, დედაჩემს ვეხმარებოდი, ჩანთა მომქონდა, ქუჩაში, თავის ეზოსთან რომ შეგვხვდა:
 _ პრ...ტრ... ტეტააა? ტეტააა? _ დედაჩემზე მანიშნა ხელით.
 _ კი, დედაა! _ თავი დავუქნიე მე.
 _ ააააააააააა! _ ამოიხავლა სევდიანად, გვერდზე გადახარა თავი, ხელები გულზე დაიდო, გაეღიმა და გამოუჩნდა ის ერთადერთი ლორწოიანი კბილი.
Dარ ვიცოდი რა ერქვა, უბნისთვის ის უბრალოდ მუნჯი იყო, ჩვენთვის, ბიჭებისთვის კი `ტრრრევიო~.
ტრრრევიო ბექამ დაარქვა. საქმე ის იყო, რომ მუნჯს თავისი ენა ჰქონდა, შემდგარი იმ ბგერებისგან, რომლების ამოთქმაც ჯერ კიდევ შეეძლო ვ, ტ, რ, პ, ა, ტარა! პარა! მაგალითად მამა გიორგის ბებიას, როზას, რომელიც გამორჩევით უყვარდა, მუნჯი ვარატას ეძახდა. ჰოდა, მაშინ ჩვენთან Bომფუნკ Mჩ’ს- Fრეესტყლერ იყო მოდაში, აი, ის კლიპი, გაჩეჩილი ბიჭი მეტროში ჯადო პლეერით რო აქვავებს ბრეიკის მოცეკვავეებს და იმ კლიპში იყო ეგეთი მისამღერივით _ ტტტტტტტრრრრევიო! 
ბექამ მაგას მუნჯი მღერისო და აიტაცა ყველამ. აი, ტრრრევიო მოვიდა! აგე ტრრრევიოო! იმას კიდე არ წყინდა, ან რა უნდა წყენოდა, როგორ გაიგებდა?
მუნჯს ყავდა ცოლი, ისიც მუნჯი, დიდი, ჭაღარა ქალი, ღონიერი ხელებით, სახის უხეში ნაკვთებით და ოთხკუთხედი ნიკაპით. მგონი ის ქალი სადღაც მუშაობდა, რადგან იშვიათად ვხედავდით, მოვიდოდა, შეაღებდა ხის კარს, შევიდოდა სახლში, რამდენიმე საათში გამოვიდოდა, გაუყვებოდა საღამოსგან მიბნელებულ სადარბაზოს და ჩაიკარგებოდა ქალაქში, ზორბა და მდუმარე. 
აი, მუნჯი კი სულ ეზოში იყო. იაფფასიან მდგმურებს აძინებდა და ეგრე ირჩენდა თავს, მაგრამ თუკი ჩემი მეზობელი მარო დეიდა უფულოებს ქუჩაში ყრიდა და ბარგს იტოვებდა, მუნჯმა დაცდა იცოდა. ბებეროს და მამა გიორგის კიდევ უფროსებისგან მოესმინათ, რომ მუნჯი სხვანაირადაც იღებდა კუთვნილს, გინდ კაცი იყოს და გინდა ქალიო.
და არ ვიცი რატომ, მაგრამ ის ჩაბნელებული ფანჯრები სულ მიზიდავდა, სულ მაინტერესებდა, მართალი იყო თუ არა რასაც ამბობდნენ, მაგრამ ყველაზე მეტად მინდოდა ერთხელ მაინც დამენახა ნამდვილი _ ისეთი, როგორიც იყო სახლში, თავისთვის, მარტოდ დარჩენილი და არა როგორსაც ვხედავდი ყოველდღე.
თუმცა მუნჯს არავინ შეჰყავდა სამეზობლოდან თავისთან და არც იყვნენ მსურველები.
 ჰყავდათ სამი შვილი, ორნი, ბევრად ჩვენზე უფროსი, გოგო და ბიჭი, ორივე მუნჯები და ერთხელ-ორჯერ თუ გვყავდა ნანახი, მაგრამ სულ პატარა, თენგო, რომელიც ჩემზე ხუთი წლით უმცროსი იყო, ჩვენთან იზრდებოდა უბანში.
თენგო ლაპარაკობდა, ცოცხალი ბავშვი იყო, მოუსვენარი, მოძრავი, ჭკვიანი შავი თვალებით და შავი ხუჭუჭა თმით.
იმ დღეს მე, ხლიჩო და ბებერო ვისხედით ეზოში, თენგო რომ შემოვარდა. არ მახსოვს რატომ, მაგრამ ხლიჩომ ხელით მოიხმო და თენგო ვინ დაგარქვაო, ჰკითხა
_ მამამ. _ უპასუხა ბავშვმა
_ როგორ, მამაშენი ხო მუნჯია, როგორ დაგარქვა? _ გამიკვირდა მე.
_ მამამ დამარქვა! _ არ იშლიდა თენგო. ჩვენ კიდე ვეღადავებოდით, მაიცა რას გვატყუებ, უეჭველი თოვლის პაპამ მოგიტანა საჩუქრად ეგ სახელიო.
ბავშვი მაინც თავისაზე იდგა, არა, მამაჩემმა დამარქვაო. ძალიან რომ გავაბრაზეთ, ადგილიდან მოწყდა, სახლში შევარდა, იქიდან ლურჯი წიგნაკი გამოიტანა.
_ აი, ნახე! _ მითხრა და მომაწოდა. 
დავხედე, დაბადების მოწმობა იყო. 
მაშინ გავიგე მუნჯის სახელი _ ზაზა ნებიერიძე.
_ ოო, მაიცა, იქ ჩაუწერდნენ! _ თქვა ხლიჩომ.
_ აბა, ის, ვერ ეტყოდა, _ ავყევი მე და ამ დროს თენგომ უცნაურად აამოძრავა ხელები.
ეგრევე მივხვდი ყველაფერს, შევტრიალდი, ჩვენს უკან მუნჯი იდგა. წიგნაკი ხელში მეჭირა, ვერ მოვიფიქრე დამემალა, დაინახა და ხელი გამომიწოდა, მივეცი.
პატარა თენგო თავდახრილი მიყრდნობოდა კედელს. მუნჯი თვალებში მიყურებდა, მერე სახლში შევიდა, დაღეჭილი პასტა და ფურცლის ნაგლეჯი გამოიტანა, ჩემ წინ დადო მაგიდაზე, პასტა ხელში ჩაიდო, დაიხარა და მთელი მონდომებით დაიწყო ფურცელზე რაღაცის გამოყვანა. შემდეგ წამოიმართა,სახე აწითლებოდა, წითელ ყელზე თოკებად ეჯდა ვენები და პირი უკანკალებდა. ფურცელი მომაწოდა, შვილზე მანიშნა და ნერვიულად, საკერავი მანქანის ნემსივით დაიწყო საჩვენებელი თითის დარტყმა გულზე.
_ ეეეეე! Eეეეეეე! Eეეეეეე! _ არ მაცილებდა თვალს, ხაოდა და ხმას უწევდა.
ფურცელს დავხედე _ თენგიზი _ ეწერა დიდი, ცუდად გამოყვანილი ასოებით.
_ ესე იგი წერა იცის? _ შევხედე თენგოს.
შავი კულულები შეტოკდნენ, ბიჭმა თავი გააქნია.
_ აბა? _ ვიკითხე გაოცებულმა.
_ ბაბუა რომ მოკვდა, იმის საფლავის ქვიდან გადაიხატა. _ მიპასუხა ბავშვმა.
და ბიჭი რომ გაჩნდა, დაუწერა და ისე დაარქვა მამის სახელი, მივხვდი და ვიგრძენი, როგორ ამეწვა სირცხვილისგან სახე. 
და ახლა, როდესაც ბებერომ მუნჯი ახსენა, უცებ ისევ დამიდგა ის მომენტი თვალწინ: აწითლებული სახე, მკერდზე აბაგუნებული თითი და უბრალო ქაღალდზე, ლურჯი პასტით ოკრობოკროდ გამოყვანილი უბედური კაცის განძი, არაფერს რომ არ ნიშნავდა ჩემთვის. 
ჩვენ, მოშორებით, მუწანწიეს ეზოსთან ვისხედით და არ დაგვინახავს, მარტო ხმა გავიგეთ, ბორბლის მწივანა წუილი, დარტყმა კი ქალების კივილში ჩაიმალა. როგორც მერე თქვეს, თენგომ ბორდიურზე გაჩერებული მანქანის უკნიდან გადმოირბინა გზაზე. ვოლგის თეთრ ცხვირზე სისხლი იყო, გაფითრებული მძღოლი ქანდაკებასავით იდგა ქუჩაში, ბავშვს კი ხალხი ეხვეოდა, როდესაც ეზოდან მუნჯი გამოვარდა და ხელებით მისწი-მოსწია შეკრებილები.
გავა რამდენიმე წელიწადი და მე ხელმეორედ ვნახავ ამ სურათს, ოღონდ ტელევიზორში _ ოპერის წითელი ხავერდით დაფარულ კიბეზე მოხუცი სიცილიელი მკვლელის მიერ შემთხვევით მოკლულ ქალიშვილზე დაჩოქილი ალ პაჩინო ცისკენ რომ წევს თავს და უხმოდ რომ ყვირის დიდხანს.
მაგრამ იმ დაღებულ პირში მაინც ოცდათორმეტი კარგად მოვლილი და თეთრად მოელვარე კბილი კიდია და არა ერთადერთი _ ყვითელი, უფორმო, ლორწოვანი. იმას ძვირადღირებული სახლი, ცოლი და შვილები ელოდებიან, როლის შემდეგ, ამას კი _ მუნჯი ოჯახი და სამუდამოდ დადუმებული სახლი, საიდანაც ის ერთადერთი ხმაც გაიპარა, რომელსაც მოახერხა და მისცა სიცოცხლე.
თენგოს გასვენება იყო პირველი და უკანასკნელი დღე, როდესაც მუნჯის სახლში შევედი, რადგან გასვენების მერე მუნჯი ეზოდან წავიდა და აღარ მობრუნებულა.
თან მრცხვენოდა შესვლა, თან კიდევ ვკვდებოდი, ისე მაინტერესებდა შიგნით მოხვედრა.
 _ გამატარე შვილო, _ მომესმა უკნიდან.
როზა იყო, მამა გიორგის ბებია, თმები ახალახან შეეღება ყვითლად, ამაზე უკეთესი შანსი მეორე არ მექნებოდა, უკან ამოვუდექი მოხუცს და შევედით.
სახლი იყო უბრალოზე უბრალო, აკეცილი და ერთმანეთზე დახვავებული ლეჟანკებით, ძველი კარადით, ლოგინით, სკამებით, დაგლეჯილი შპალერით და რამდენიმე შავ-თეთრი სურათით კედელზე.
_ შეიძლება შევიდე, ვიცნობდი, მეზობელი ვარ, _ ვთხოვე მუშას.
_ ჭუჭყია ჯიგარო, დაისვრები, _ მითხრა იმან.
შევედი. სახლი ცარიელი დამხვდა, ავეჯი მთლიანად გაეტანათ, მარტო შიშველი, დაბზარული კედლები და ჭერიღა შემოგყურებდა.
მარჯვენა კუთხეში ქაღალდის ჩაყვითლებული ნაგლეჯი ეგდო. მივედი, ავიღე, ფურცლისთვის ზედმეტად სქელი და უხეში იყო. გადმოვატრიალე, ხელში შავ-თეთრი სურათი მეჭირა. დავაკვირდი.
კუბოკრული პლედის ფონზე შავთმიანი ქალი ზის. ლამაზი არ არის, მაგრამ ახალგაზრდაა, ჯანმრთელი და ბედნიერი. დიდ ყვრიმალებზე სქელი ლოყები გადაკვრია, შავი თვალები უციმციმებს ფართონესტოებიანი ცხვირის ქვეშ, დიდი პირი ღიმილისგან გაწელილა და გახსნილი ტუჩებიდან მოჩანს თეთრი კბილების წყება. ქალს ძველებური, ნაცრისფერი კაბა აცვია, მუხლებზე პატარა, დაბღვერილი ბიჭი უზის, ღია ფერის თმით და მოკლემკლავიანი პერანგით. ქალს მარცხენა ხელი წელზე შემოუხვევია შვილისთვის და ქვემოდან ბღუჯავს ბავშვის ფუმფულა შიშველ ბარძაყს, მარცხენა ხელის საჩვენებელ და შუა თითს შორის კი პატარა თეთრი მაჯა მოუქცევია და ეგრე შემოგცინის.
ქალი ვიცანი, მუნჯის ცოლია, ბავშვი კი, ალბათ, ის ხანშიშესული კაცი იქნება, წეღან ბებერომ რო მითხრა, მუნჯის შვილიაო.
სურათი ჯიბეში ჩავიდე, გამოვედი, მუშებს მადლობა მოვუხადე და ქუჩისკენ დავიძარი. უკვე ვიცოდი რომ მოთხრობას დავწერდი, ამიტომ ყურადღებით შევათვალიერე ჩემი ძმაკაცის ეზო და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე თაღის შუაგულში გამოკვეთილი, დრუნჩგადარეცხილი ლომის თავი. კიდევ ერთხელ დავხედე მუნჯის სახლში ნაპოვნ სურათს და აქედან დამჩემდა უცნაური ჩვევა.
ფოტოებს ვაგროვებ, უცხო ადამიანების ფოტოებს, პორტრეტებს. 
უკვე ბევრი მაქვს. ზოგს ვპოულობ, ზოგს ინტერნეტიდან ვიწერ, ზოგსაც თვითონ ვიღებ ქუჩაში. ყველაზე კარგი _ ნაპოვნია, რადგან არანაირი ინფორმაცია არ მოყვება და ბოლომდე შენია, ფოტოა, რომელზეც სახე აღბეჭდილა და მორჩა, ადექი და იფიქრე. ყველაზე ცუდი ინტერნეტია, იქ შეიძლება ათასი რამ ამოიკითხო, ამიტომ არასოდეს ვიწერ ფოტოს ფაცებოოკ-იდან, სადაც სახელი, გვარი, თაგები და კომენტარებია ყველგან. თუ ვუღებ, მაშინ ვცდილობ შორიდან გადავუღო და არ გამოველაპარაკო, მარტო სახე მაინტერესებს, დანარჩენი არ მინდა, არც სახელი, არც გვარი, არაფერი მათი ცხოვრების შესეხებ.
აი, ეგეთი ფოტოებით მაქვს გამოტენილი ერთი პარკი, მაგ პარკს, “ჩემების” პარკს ვეძახი, მაქედან გამომყავს პერსონაჟები.
მოვისმენ რამე საინტერესო ამბავს, მომინდება დავწერო, გადმოვიღებ სურათებიან პარკს, ამოვარჩეევ სახეს, რომელიც მომწონს, რომელიც, ჩემი აზრით, ასაკით, ხასიათით შეეფერება იმ ისტორიას, დავიდებ ფოტოს კომპიუტერთან, რომ მალი-მალ დავხედო ხოლმე, ავაბრახუნებ თითებს კლავიშებზე და ვცდილობ შევაერთო, ერთ მთლიანად ვაქციო, ხან გამომდის, ხან არა, მაგრამ არგამოსულებს არ ვაგდებ, პირიქით, უკან ვაბრუნებ პარკში, რომ სულ იქ იყვნენ და გამახსენონ ყველა ის ამბავი, რომელმაც არ მოინდომა გამხდარიყო ჩემი.
ეგრე გადაიქცა თბილისის ზღვის მახლობლად წიწვოვან ტყეში, დამწვარი სახლის იატაკზე ნაპოვნი თეთრწვერა კაცი _ `მოხუცად~, ანუ ალექსი სამურგარიდად, `დაე, ვერ მპოვოს ურჯულოს~ ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად; მარჯანიშვილზე, ნაგვის ურნასთან აღმოჩენილი ქალი, სევდიანად რომ იყურება _ `ფანტომასის~ გვანცად, ხოლო ინტერნეტიდან გადმოწერილმა შავწვერა ბიძამ ვერაფრით მოირგო  მჭედლის როლი.
საკუთარი ოთახი არ მაქვს, უფრო სწორედ, მაქვს, მაგრამ ის იმდენად პატარაა და იმდენადაა გამოტენილი ტანსაცმლის კარადებით, კარადის თავზე შემოყრილი სრულიად გამოუსადეგარი ხარახურით (რომელიც გვგონია რომ ოდესმე აუცილებლად დაგვჭირდება), მაგიდით, ორი ლოგინით და სამი წიგნის თაროთი, რომ იქ `ჩემების~ ფოტოების ადგილი არ არის. 
ამიტომ მრჩება ოცნება, რომ მაქვს დიდი სახლი, ამ სახლში კი არის ერთი ოთახი, ხის მაგიდით, გემრიელი სავარძლით, ძველებური ნაჩნიკით, წიგნის თაროებით და მაღალი კედლებით, რომლებიც მთლიანად დაფარულია უცხო ადამიანების სახეებით.
ხშირად შევდივარ ხოლმე ამ ოთახში, სავარძელში ვჯდები, ნელა ვტრიალებ, უხმოდ ვუყურებ კედლებს და ჩემთვის ვტკბები. კედლებიდან ხომ ის ხალხი შემომცქერის, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი, უბრალოდ მათი სახეები ან ვიპოვე ან სულაც მოვიპარე და შემდეგ საკუთარი გემოვნებით ჩავბერე ამ გაყინულ ნიღბებში ის სული, რომელიც მომეჩვენა რომ მოუხდებოდათ, მივეცი ის ხასიათი, რომელიც მინდოდა ჰქონოდათ, ჩავაგდე იმ ამბებში, რომლებიც მომეწონა. მე, საკუთარი უხილავი სამყარო, რომელიც თავში მაქვს, დავასახლე ამ ადამიანებით და ახლა ამ წარმოსახვითი კედლებიდან უამრავ სახვადასხვა სარკეში არეკლილი საკუთარი თავი შემომყურებს.
შემომყურებენ ისინი, ვინც მე შევქმენი, საკუთარი ხელით გამოვუძერწე წარსული, აწმყო და შეიძლება მომავალიც, ისინი, ვინც დასახლდნენ ჩემში, ამოავსეს ჩემი წიგნების ფურცლები და უკვე თავისით გააგრძელეს იქ ცხოვრება. არასოდეს გიფიქრიათ, რა ხდება წიგნის დასრულების შემდეგ? როგორ აგრძელებენ ცხოვრებას ამ ფურცლების ოთხკუთხედ ციხეში გამომწყვდეული გმირები?
მაგრამ არის “ჩემების” პარკში ერთი ფოტო, რომელიც ყველასგან გამორჩეულია და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი _ იმიტომ რომ პირველია, რომელიც მოვიპარე და სწორედ ამ ფოტოდან დაიწყო “ჩემების” შეგროვების ამბავი, მეორე _ ეს ფოტო რომ არა, მე არასოდეს მეცოდინებოდა, რომ ჩემი ძმაკაცები ლომისთავიან ეზოში ცხოვრობენ და როგორც გითხარით ეგ სუფთა ოქროსუბნური ამბავია და მესამე _ Eეს ფოტო ერთადერთია, რომელიც სულ სხვა სურათს მახსენებს.
ეზოში ხალხი შეკრებილა, ჩემს წინ დინჯად მიაბიჯებს ძმაკაცის ქერათმიანი ბებია, ხის ღია კარი, რომელშიც მთელი ბავშობა ასე მაინტერესებდა შესვლა, ნელ-ნელა მოდის ახლოს და აი, შევდივარ, შავებში ჩაცმული სხეულები აქეთ-იქით იწევიან, ოთახის შუაგულში პატარა კუბო დგას, დაბზარულ თეთრ კედელს ახალგაზრდა ქალი და კაცი აკვრიან, მათ შორის კი ხის, ზურგიან სკამზე ორნი სხედან _ ჭაღარა, ზორბა ქალი ღონიერი ხელებით, ბრტყელი სახით და ოთხკუთხედი ნიკაპით და დაჩიავებული მელოტი კაცი, წვრილი მხრებით და არაბუნებრივად სქელი, თითქოს ნასოსით გაბერილი ფეხებით.
ძმაკაცის ბებია ხვნეშით აგრძელებს გზას, ხის იატაკი ჭრაჭუნობს, კაცი თავს სწევს მაღლა, ცისფერ თვალებზე გამჭვირვალე ლიბრი ეკვრება, მოკუმული პირი კანკალს იწყებს, ქვედა ტუჩი სწრაფად ადის მაღლა:
 _ ვარატა! ვარატა! _ საცოდავად ტირის კაცი, ქერათმიანი მოხუცისკენ იშვერს გალეულ ხელებს, პირში კი ისევ უელავს ლორწოიანი დიდი, ყვითელი კბილი.


ლუ

საფრანგეთში ვარ. ფიჟაკში. პატარა ქალაქია და მყავს კოპინა. გერლფრენდს რო ეძახიან, კაროჩე მეგობარი გოგო რა.
ის ქალაქის ცენტრში, კორპუსში ცხოვრობს, მე ქალაქის ბოლოს, პატარა ხის კოტეჯში, ეზოც რო აქვს, ეგეთში.
და ამ ჩემ კოპინას ყავს ძაღლი _ ლუ. შავი, გერმანული ნაგაზი, დიდი მბზინავი ბეწვით.
და იტოგში სიტუაცია ისეა დალაგებული, რო მე ამ ჩემ კოპინას ვაჩვენებ, რო ვგიჟდები ძაღლებზე და ვაბშე ისეთი მასტი ვარ, ცხოველები რო უყვართ. იქ ყლევდებიან ეგეთ ტიპებზე. თორე ძაღლი, კატა სახლში რო დამანახო, ეგრევე ვირევი, არ მევასებიან, თან მაგრად, მაგრამ სხვა პონტი არ არი.
მოკლედ, დავდივარ ამ ჩემ კოპინასთან ერთად და ვეფერები, ვკოცნი ამ ძაღლს. ისიც, დაყლევებული, უხარია ჩემი დანახვა, მორბის, კუდს მიქიცინებს, დორბლებს ყრის _ ყლე რა!
მეც ვეხვევი, ვკოცნი, ვასეირნებ.
ერთი დღეცაა და მოვიდა ჩემთან ჯემალა. ვზივართ, ვსვამთ.
ჯემალა მაგარი უცნაური როჟაა. კახელია, თან აი, ისეთი, რო შეხედავ და ეტყობა _ შავი, ბანჯგვლიანი, დღემდე რო თავისი დიდი ხელებით ჭამს.
სამი წელი ინგლისში ცხოვრობდა, ლივერპულში, ლივერპულურ კილოზე უბერავს ინგლისურს, ეხლა მეოთხე წელია, საფრანგეთში, პერპინიანშია და იქაურ ფრანგულსაც მაგრა ბაზრობს, მარა, ქართულად, სიმონ, იმენნა კახელია!
ვზივართ ეგრე, ვსვამთ და დაიწყო ჯემალამ სადღეგრძელო:
_ აი, ამ ჭიქითა ხო, _ ბანჯგვლიან ხელში ატრიალებს ჭიქას, _ იმ კაცს გაუმარჯოს, სიდედრის ტრუსიკს რო ამაიკემსამს და მერე ზედ დარჩენილ ძაფს კბილით რო მააწყვიტამს! _ ამ სიტყვებზე ჯემალა ჭიქას მაგიდაზე დებს, ოდნავ გვერდზე ხრის თავს, ვითომ ნემსიან ხელს წევს ზემოთ და ყბის გვერდზე გაქნევით, დიდი, ყვითელი კბილებით წყვიტავს აწეული ხელიდან ჰაერში გადმოკიდებულ უხილავს ძაფს, _ და ყველა კაცს გაუმარჯოს! კაცობას გაუმარჯოს! _ და ჭიქას ცლის.
ვუყურებ და მეცინება. ან ყლეა ან მაიმუნი! რა სიდედრის ტრუსიკს ამაიკემსამსო, რა ძაფს მააწყვიტამსო. თან ისე კი არა ვარ, რო ამბობენ, არიფმა ცაში ღმერთს ახედა და ჩუმად დალიაო, არა, ვუსმენ!
ვერ მოვითმინე. მეთქი, ჯემალ, რისი თქმა გინდოდა მაგით?
და ჯემალა ახსნას რო იწყებს კარზე აკაკუნებენ. ვაღებ, ჩემი კოპინაა. გამიკვირდა. იქ ხო იცი როგორაა, ყველაფერი რასპისანიაზე, ზუსტად იცი, როდის მოვა, როდის წავა.
ეს კიდე დგას კარში გამოწყობილი, გვერდში ლუ ამოუყენებია. ძაღლი ქშინავს, ენა გადმოუგდია და მიყურებს ეგრე ყლესავით.
_ მოდი, ჩემო სიცოცხლე! _ წამის დაბნეულობის მერე ვეუბნები მე, ხელს ვკიდებ ხელზე და მზრუნველად შემყავს სახლში.
გვიყურებს ჯემალა გაკვირებული.
მოშორებით ვჯდებით ტახტზე.
_ ხო ყველაფერი კარგადაა ჩემო ანგელოზო? _ ვეკითხები მე და თავზე ვუსვამ ხელს.
_ კი, საყვარელო, უბრალოდ, მინდოდა შენთვის მეთქვა, რომ ძალიან ვნერვიულობ შენზე, _ ხელისგულზე მადებს თავის ცხელ ლოყას ჩემი კოპინა, _ სულ მარტო რომ ცხოვრობ აქ, შენთვის ამ უცხო ქვეყანაში მეგობრებს და ოჯახს მოცილებული.
ისეთ სახეს ვიღებ, თითქოს მახათი დამარტყეს.
_ არ გვინდა ამაზე ჩემო სიცოცხლე, ნუ მახსენებ ამას, გთხოვ!
_ რომ წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ ხარ აქ შენთვის სრულიად მარტო, _ აგრძელებს ჩემი კოპინა, ისე თითქოს ვერ ხედავდეს ჩვენს ზურგს უკან მაგიდასთან მიმჯდარ ჯემალას, შუბლზე ოფლმომდგარი რო ამუშავებს საჭმლით გამოტენილ ყბებს, _ ზიხარ და არავინ გყავს გვერდში...
საქმეს საჩუქრის სუნი ასდის.
_ მე მყავხარ შენ ჩემო ულამაზესო, _ ლოყაზე ვუსვამ ხელს, შემდეგ ძაღლისკენ ვიხედები, ჩვენს გვერდით რომ ზის, _ და ლუ, _ ვაყოლებ და შავ ბალანზეც ვასრიალებ თითებს.
_ მაგრამ მე ყოველთვის შენს გვერდით ვერ ვარ, _ კრუტუნებს ჩემი კოპინა, _ დამტანჯა ამ ფიქრმა და ბოლოს გადავწყვიტე, ჩემი ლუ, რომელიც ასე გიყვარს, და რომელიც ასე მოგეჩვია, შენთვის მეჩუქებინა!
 ჩავიჯვი ბოზიშვილი ვიყო. ორმოცდახუთი კილოა ეს დედამოტყნული, ზის იქვე, ქშინავს ენაგადმოგდებული და გვიყურებს.
წამით ვჩუმდები, შემდეგ თვალის უპეებთან ცხვირზე ვიკიდებ ცერა და საჩვენებელ თითს და თავს ვხრი, ვითომ ვტირი. თან მთელი ძალით ვისრისავ თვალებს, რო დამიწითლდეს და ცრემლები წამომივიდეს.
მერე თავს ვწევ, გულზე ვიდებ ხელს, ვუყურებ ამ ჩემ კოპინას და ვეუბნები:
_ არა, მე ამ საჩუქარს ვერ მივიღებ! 
_ დამიჯერე, ეს ჩემი სურვილია, საჩუქარი, სიურპრიზი რომელიც მინდოდა შენთვის გამეკეთებინა.
შენი დედა მოვტყან! მარა სხვა გზა აღარაა.
_ შეუძლებელია, ასეთი რამე არავის არასოდეს გაუკეთებია ჩემთვის. შენ... შენ არ იცის რას ნიშნავს ეს ჩემთვის! _ ვიბზარავ ხმას, მე და ჩემი კოპინა ერთმანეთს ვეხვევით, ჯემალა ზის ისევ და ჭამს.
 _ საბუთებს, ყველაფერს ხვალ მოგიტან, ეხლა ცოტა საჭმელი წამოვუღე, _ ფეხზე დგება და ძაღლების საჭმლის პრიალა პარკს აძრობს ჯიბიდან ეს ნაბოზვარკა, ბედნიერია, კაი ხასიათზეა, _ ლუ დილის შვიდ საათზეა მიჩვეული გასეირნებას, საღამოს კი ცხრაზე!
შემდეგ იმუხლება, ძაღლს ეხვევა, კოცნის და აცრემლებული მიდის სახლში.
ძაღლი შემომტენა რა, ამ დედამოტყნულმა!
დავიწყეთ მე და ლუმ ერთად ცხოვრება.
ვდგები დილას, ვასეირნებ, ნისლი, წვიმა, პახმელია, ყინვა, მეტეორები, დედისტყვნა, ყველაფერი ყლეზე მკიდია, ლუმ უნდა ისეირნოს!
საღამოსაც ეგრეა, თორე რამე რო მოუვიდეს ამ ძაღლს, ვსიო, დედა მაქვს მოტყნული!
თუ იქ მოჯვა სადაც არ შეიძლება, პარკი უნდა მედოს ჯიბეში, ავიღო ძაღლის მძღნერი და ჩავაგდო ნაგავში.
თან როგორ უნდა ასეირნო იცი? თავისუფლად, პავადოკის გარეშე, უნდა აუშვა, რო ძაღლის სულიერი თავისუფლება არ დაიჩაგროს.
ავუშვებ ამ ყლეს და მირბის. თან ისე კი არა _ სამასი, ოთხასი მეტრი გაიქცეს და გაჩერდეს, არა, მირბის ეს დედამოტყნული, ორჯერ რაიონული ცენტრიდან წამოვიყვანე, მთელი ღამე ვეძებდი.
რაიონული ცენტრი კიდე... აი, როგორ გითხრა, ლანჩხუთია, ჩემი სახლი კიდე ერთი ათი კილომეტრით არი დაშორებული ამ ლანჩხუთიდან. და მიწევს ამის დევნა დღეში ორჯერ, თან ფეხით.
მოვკვდი ბოზიშვილი ვიყო. დავდევ ამ ძაღლს მთელი დღეები და ვარ.
ერთი კვირის მერე ბიჭები ვნახე. მეთქი, ესე და ესეა და მიშველეთ. ვიზამთ რამესო და მომიტანეს დენიანი აშეინიკი. მაღაზიიდან მოიპარეს.
შავია, პულტი მოყვება, მოვუტყან დიდი წითელი კნოპკა-გადასაწევით, რომლის ირგვლივაც დენის სიმძლავრის ნახაზია.
გავუკეთე ეს აშეინიკი ლუს და დავისვენე!
ნაღდად დავისვენე! გაიქცევა ეს ყლე, გადავწევ კნოპკას და ურტყამს დენი.
ნელ-ნელა ვწევ კნოპკას როგორც მასწავლეს, ეგრევე ბოლომდე არ გინდა, შეიძლება დაბრიდოსო. გარბის ეს დებილი, ტანში ნელ-ნელა შესდის დენი და ენძრევა, იღლება და ჩერდება.
ხან სწრაფად გადავწევ და თუ ბოლომდე მივიდა მაშინ გაქანებულზევე ეგრევე უკან ხტება და ადგილზე ქვავდება.
ვკაიფობ რა მეც ჩემთვის.
მოვალ სახლში რაღაცაზე გაბრაზებული, წევს ეს თავისთვის კუთხეში, დამინახავს წამოხტება კუდის ქიცინით, მორბის ჩემსკენ, მეგებება. მომეშლება ნერვები, გადმოვიღებ პულტს, გადავწევ ბოლომდე, გახტება უკან ეს დაყლევებული, გაშეშდება და მიყურებს ეგრე დებილივით. ვერ ხვდება.
 მოვიდა მერე დრო. ვსიო, უნდა წამოვიდე საქართველოში.
_ ჩემო სიხარულო ლუს რა ვუყოთ? _ ვეკითხები ჩემ კოპინას.
_ თან უნდა წაიყვანო, ამდენია ხანია ერთად ხართ, ამდენი რამ გადაიტანეთ ერთად, _ სახეზე მეფერება ის.
აუ, მეთქი შენი დედა მოვტყან! 
მივედით აეროპორტში და ათას შვიდასი ევროო!
თქვენ მეთქი შიგ ხო არა გაქვთ? მაგდენი რო მქონდეს, დავრჩებოდი.
რა უნდა ვქნა? ვიფიქრე, ჩავსვამ მანქანაში, წავიყვან და ერთ ორას კილომეტრში დავტოვებ სადმე. როგორც ჩვენთან შვებიან. მარა შემეცოდა რაღაცნაირად, ძაღლია მაინც, ცოცხალი არსებაა.
გავიკითხე-გამოვიკითხე და ბიჭებმა მიმიშვეს, ძაღლების პანსიონატივით იყო, ჩვენთან ქალაქში. ასმევენ, აჭმევენ, ასეირნებენ, უვლიან, მოკლედ, კურორტია რა!
მივედი მანდ და ოცდაშვიდი ევრო თვეშიო. დირექტორი სქელი, წითელლოყებიანი, სათვალიანი ქალია.
დავიწყე და შევუყვანე:
_ აი, ვტოვებ და... იცოდეთ კარგად მოუარეთ... არა, ვერ გავაკეთებ ამას... ვერ გავძლებ უმისოდ ამდენ ხანს... სამი კვირა ჩემი ლუს გარეშე! ღმერთო! ეს წარმოუდგენელია! _ ვისრისავ მთელი ძალით თვალებს და ვტირი.
ეს ქალი მაწყნარებს, მეფერება, წყალიც მომიტანა დაჟე. დამშვიდდი, საიმედო ხელშია თქვენი ლუ! აი, ნახავთ, როდესაც დაბრუნდებით სამი კვირის შემდეგ, ბედნიერი, მოვლილი და მონატრებული დაგხვდებათ. ფულიც მაშინ გადაგვიხადეთო!
კარგით, უღრმესი მადლობა-თქო და დავტოვე იქ.
გამოსვლისას ბოლოჯერ დავხედე, გალიასთან მოვიდა კუდის ქიცინით და თითები ამილოკა, რაღაცა შემეკუმშა პატარაზე გულთან, მაინც ამდენი ხანი იყო ჩემთან.
და ეგრე წამოვედი რა, ის კიდე დარჩა იქ.